პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. თუმცა, არ ასახელებს ვისზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ფიცოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს.
“საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”, – წერია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კობახიძე წერს, რომ ამ ინფორმაციას პრევენციის მიზნით ასაჯაროებს. პრემიერ-მინისტრი ისევ აგრძელებს “გლობალური ომის პარტიის” შესახებ კონსპირაციული თეორიების გავრცელებას და ამტკიცებს, რომ “წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული”.
რა ვიცით რობერტ ფიცოზე თავდამსხმელზე
რობერტ ფიცოზე თავდასხმისთვის 1 ადამიანია დაკავებული. როგორც მედიები წერენ, ის 71 წლის იულაი ცინტულაა, რომელიც ადგილზევე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იულაი ცინტულა მწერალი, აქტივისტი და დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მათივე ცნობით, თავდამსხმელი ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ რობერტ ფიცოს მოკვლა არ სურდა.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა, რადგან ფიცოს მკვლელობის მცდელობიდან ორ საათში მისი ინტერნეტ კომუნიკაციები წაიშალა.
„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმის შესაძლებლობაზე, რომ დანაშაულის უკან ადამიანთა ჯგუფი დგას. ამას ასევე ვამბობ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მოგვაწოდეს“, – სლოვაკეთის შს მინისტრმა კვირას.
სლოვაკეთის შს მინისტრი ამბობს, რომ რობერტ ფიცოზე თავდასხმას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.
ამასთან, სლოვაკური მედია სასამართლოს დოკუმენტზე დაყრნობით წერს, რომ ეჭვმიტანილის განაცხადებით, „გადაწყვიტა ემოქმედა“, რადგან არ ეთანხმებოდა მთავრობის პოლიტიკას, სპეციალური პროკურატურის გაუქმებაზე, კულტურისა და მედიის მუშაკების დევნაზე, მოსამართლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.
მათივე ცნობით, თავდასხმაში ბრალდებული უკრაინის ერთგული მხარდამჭერია და არ ეთანხმება მთავრობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
თუმცა ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, ჯერჯერობით სლოვაკეთში ოფიციალურად უცხოეთის სპეცსამსახურების კვალზე არ საუბრობენ, შესაბამისად, არც კონკრეტულ ქვეყანას ასახელებენ, რომელიც შესაძლოა ფიცოზე თავდასხმის უკან იდგეს.