ბატონო ზვიად, ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტი იწყალებს, ძირითადად, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით არიან გასამართლებულები?
თუ მსჯავრდებული იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, იცავს რეჟიმს და გამოირჩევა იმით, რომ მისი რესოციალიზაციისა და გამოსწორების პროცესი მიდის შეუქცევადად, მას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა აქვს ე.წ. უდოს კომისიით. აი ამის მიღმა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, რადგან სახელმწიფო არ არის მხოლოდ რეპრესიული მანქანა, სახელმწიფო არის ჰუმანური მანქანაც და პრეზიდენტი, რომელიც არის სახელმწიფოს პირველი პირი, თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს შეიწყალოს, მაგალითად, იმ მსჯავრდებულთაგან ვინმე, ვინც მას მიმართავს შეწყალების თხოვნით. ეს არის ჰუმანური ჟესტი, რომელსაც გაიღებს სახელმწიფოს პირველი პირი. მას არაფერი აქვს საერთო არც სამართლიანობის და არც კანონიერების დაცვასთან.
საქართველოს კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას, თავისი შინაგანი რწმენით გააკეთოს არჩევანი, პრეზიდენტი ქმნის შეწყალების კომისიას, რომელიც უმსუბუქებს მას შრომას, ეხმარება სათათბირო ორგანო, რომელიც არჩევს წარმოდგენილი განცხადებებიდან იმ განცხადებებს, რომელზეც დადებით რეკომენდაციებს აწვდის პრეზიდენტს და პრეზიდენტი კიდევ უფრო ცხრილავს ამ სიას და იღებს გადაწყვეტილებას, ვისზე განახორციელოს წყალობა.
ამ სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი მუხლით გასამართლებული ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
მათ შორის უვადო თავისუფლება აღკვეთილებიც?
დიახ, რა თქმა უნდა, უვადო მსჯავრდებულები დღეს მოქმედმა საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. 6 მარტს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქტი განახორციელა, როდესაც შეიწყალა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფილი სამი უვადო თავისუფლებააღკვეთილი ქალი – პრეზიდენტმა მათ დაუდგინა გათავისუფლების ვადა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოში აღარ არის უვადო მსჯავრდებული ქალი.
ის 76 უვადო მსჯავრდებული, რომლებიც რჩებიან საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში, კომისიის წევრების სერიოზული ტკივილი და საფიქრალია, პრეზიდენტი მათზე სულ ფიქრობს. უვადო მსჯავრდებულების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და ჰუმანური.
ვინც შეწყალების თხოვნით მიმართავდა პრეზიდენტს, აუცილებელი პირობა იყო, რომ ბრალი უნდა ეღიარებინა და მოენანიებია, ეს პირობა ახლაც აუცილებელია?
დღეს შეწყალების კომისიის დებულებაში ეს ნორმა არ წერია. ნებისმიერ მსჯავრდებულს – ის აღიარებს თუ არა ბრალს, შეუძლია შეწყალებაზე დაწეროს განცხადება. შეწყალების აქტი არ ნიშნავს ბრალისგან გათავისუფლებას და ადამიანის უდანაშაულოდ გამოცხადებას.
სხვათა შორის, ეს აღიარება-არაღიარება სერიოზული თემაა ჩვენი სისხლის სამართლის პრაქტიკისთვის. აღიარება არ არის პირველი ნაბიჯი საქმის გამოძიებისთვის, პირიქით, აღიარება არის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი. მთავარია, გამოძიება იყოს შეუვალი, ნივთმკიცებებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული, ამ მტკიცებულებათა უტყუარობაზე და არა იმაზე, რომ ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ეს დანაშაული არ იყოს რეალურად ამ ადამიანის მიერ ჩადენილი.
აღირება განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, როცა საქართველოში ამოქმედდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. იმის გამო, რომ უიოლებენ მუშაობას გამოძიებას, შემდეგ სასამართლოს და მართლმსაჯულების გამარტივების საუკეთესო ფორმაა, ბრალდებულები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე და აღიარებენ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ანუ ამ გადაწყვეტილებით ისინი უფრო მსუბუქ სასჯელს იღებენ. არ შეიძლება მხოლოდ აღიარებაზე იდგეს განაჩენი – ეს არ არის ჯანსაღი პრაქტიკა…
როგორ გეკონტაქტებიან ადამიანები რეგიონებიდან, რა ფორმით უნდა მიმართონ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით?
ყველა მსჯავრდებულმა იცის, რომ აქვს შეწყალების მოთხოვნის უფლება და შეუძლია პირადად დაწეროს განცხადება პრეზიდენტის სახელზე. ერთადერთი დათქმა არის ის, რომ თუ პრეზიდენტისგან ვერ მიიღებს შეწყალებას, ამის შემდეგ ოთხ თვე-ნახევარი უნდა იყოს გასული, რომ მსჯავრდებულმა ხელმეორედ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
დოკუმენტებს, რომელსაც შეწყალების კომისია განიხილავს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა უწყებიდან ითხოვს?
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სპეციალური დეპარტამენტი დოკუმენტებს აგროვებს, აწესრიგებს და აწვდის შეწყალების კომისიას. პრეზიდენტის სასახლეში შეიძლება ჩააბარონ განცხადება ან ელექტრონულად შეავსონ პრეზიდენტის ვებგვერდზე.
როგორც ვიცი, თქვენ როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხვდებით პატიმრებს, ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ მათ, იგივე არასრულწოვნებს ხომ არ შეხვედრიხართ, მსმენია, რომ არასრულწლოვნები შეწყალებაზე უარს ხშირად ამბობენ. რა არგუმენტი აქვთ მსჯავრდებულებს, როცა ისინი უარს ამბობენ შეწყალებაზე?
არის შემთხვევა, როცა არასრულწლოვნები წერენ განცხადებებს, არის შემთხვევა, როცა ოჯახის წევრები ითხოვენ შეწყალებას, მაგრამ თავად მსჯავრდებულები იკავებენ თავს, სურვილი არ აქვთ, რომ დაწერონ შეწყალების მოთხოვნა. პრეზიდენტს დებულებით აქვს განსაზღვრული, რომ არასრულწლოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიწყალებს თუ არა მათ პრეზიდენტი, მეორე დღესვე აქვთ შეწყალების მოთხოვნის უფლება. არასრულწლოვნების შემთხვევაში დათქმა ოთხ თვე-ნახევარი არ მოქმედებს. გასულ კვირას პრეზიდენტმა რვა არასრულწლოვანი შეიწყალა.
თუ ტარდება მონიტორინგი შეწყალებული ადამიანების რესოციალიზაციის კუთხით – შეწყალებული ადამიანები აღმოჩნდნენ თუ არა ისევ საბრალდებო სკამზე?
ბოლო შეწყალების აქტის მონაცემებით არ მაქვს ინფორმაცია, რამდენი შეწყალებული ადამიანი აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე, თუმცა ერთი შუალედური მოთხოვნა გვქონდა და მივიღეთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსგან – წლის დასაწყისში სულ შეწყალებული იყო 700-ზე მეტი მსჯავრდებული და 8 მსჯავრდებული იყო შებრუნებული საპატიმრო დაწესებულებაში. ამ რვიდან, თუ სწორად მახსოვს, 5 თუ 6 მსჯავრდებული იყო ნარკოტიკულ დანაშაულზე დაკავებული, მოხმარება-შეძენა-შენახვაზე. სარეაბილიტაციო ცენტრები რომ არსებობდეს სახელმწიფოში, მაშინ ეს ადამიანები საბრალდებო სკამზე აღარ უნდა ხვდებოდნენ.
მსჯავრდებულების ოჯახის წევრებისა თუ მათი ახლობლებისგან მსმენია, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძლება შეწყალების მოპოვება. ამაზე თქვენ რა იცით?
მე არ ვიცი ამაზე ვინ და სად მსჯელობს, რადგან ეს მსჯელობა კომიკურია. დარწმუნებული ვარ, კომისიაში გადაწყვეტილებები არ მიიღება ანგარების ნიადაგზე. ეს არის საკმაოდ წარმომადგენლობითი და ავტორიტეტული ადამიანებით დაკომპლექტებული კომისია, არც ერთი მათგანი თავისი ბუნებით არ დაუშვებს იმას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს და სახელმწიფოს მიაყენოს დარტყმა, მეორე
კომისია კომისიურ გადაწყვეტილებას იღებს და ვინმეს ასეთი ანგარებითი ინტერესი რომც ჰქონდეს, მარტო ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას.
პრეზიდენტი, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ახორციელებს თავის ექსკლუზიურ საკონსტიტუციო უფლებას, გამორიცხულია, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდეს რაიმე ანგარებით.
დღეს საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შეწყალების კომისიასთან საქმის მოგვარების სანაცვლოდ და ე.წ. ჩაწყობის მოტივით სძალავდნენ ფულს ადამიანებს, ზოგიერთი მათგანი ადვოკატია. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, როდესაც მათ მძიმე მდგომარეობას იყენებ იმისთვის, რომ პირადი გამორჩენა გქონდეს. უქმნი მათ ცრუ მოლოდინს. მეტსაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იმ კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა, მათ შორის ადვოკატმა მოატყუა და გამოსძალა ფული, შეწყალების დაპირებით შეიძლება ობიექტურად იყოს შეწყალებული და შეწყალებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს რწმენა, რომ მან ფული მისცა ვიღაცას და ამიტომ შეიწყალეს. ეს სერიოზული თემაა და მინდა ყველა მსჯავრდებულს, მათი ოჯახის წევრებს მოვუწოდო, ყველა დაპირება, რომელიც მიიღეს [შეწყალება თანხის სანაცვლოდ], თავადვე აღკვეთონ.