3 სექტემბრის დილას, რუსეთის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონის სოფელ პრობუჟდენიეში, თავს დაესხნენ იმ სამხედრო ოფიცერს, რომელიც ხელმძღვანელობდა 2024 წლის ივლისში კიევში მდებარე „ოხმატდითის“ საბავშვო საავადმყოფოზე რუსულ სარაკეტო დარტყმას.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ ცნობას, რუსული და უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„თავდამსხმელი ჩაფხუტით, მოტოციკლით მივიდა სახლთან და ცეცხლი გახსნა: ერთი ტყვია მსხვერპლს ტორსში მოხვდა, მეორე – სახეში. სამხედრო ოფიცრის მძღოლიც დაიჭრა, თუმცა მან გაქცევა და დამალვა მოახერხა, რის შემდეგაც უკან დაბრუნდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დაზარალებულს ტყვიები საავადმყოფოში ამოუღეს. ამჟამად მას მოსკოვში სპეციალური რეისით გადასაყვანად ამზადებენ”, – წერს Mash.
Dosye Shpiona იტყობინება, რომ დაახლოებით 07:00 საათზე ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის კოსმოსურ-საჰაერო ძალების 22-ე მძიმე ბომბდამშენი ავიადივიზიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ნიკოლაი ვარპახოვიჩს. გავრცელებული ცნობებით, იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
Astra-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ სარატოვის ოლქის სოფელი პრობუჟდენიე ვარპახოვიჩის ერთ-ერთ მისამართად არის მითითებული.
თავდამსხმელი ჯერ დაკავებული არ არის. რუსეთის რეგიონულმა საგამოძიებო კომიტეტმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამავდროულად, 31 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ორ რუს სამხედრო მაღალჩინოსანს დაუსწრებლად წარედგინა ეჭვმიტანილის შეტყობინება დონეცკის ოლქში „Reuters“-ის ჟურნალისტებსა და კიევის „ოხმატდითის“ საბავშვო საავადმყოფოზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობის გამო. ეჭვმიტანილთა შორის ერთ-ერთი ვარპახოვიჩი იყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ ვარპახოვიჩმა გასცა საბრძოლო ბრძანება 2024 წლის 8 ივლისს „ოხმატდითის“ ეროვნულ სპეციალიზებულ საბავშვო საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესახებ. მის დაქვემდებარებაში მყოფმა შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის დანაყოფებმა საავადმყოფოზე მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს „Kh-101“ ტიპის „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ფრთოსანი რაკეტით, რომელიც რუსული „Tu-95MS“ ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაუშვეს.
„ოხმატდითზე“ თავდასხმის მომენტში საავადმყოფოში 600-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმი, ხოლო ათეულობით სხვა დაშავდა.
რაკეტამ სრულად დაანგრია ტოქსიკოლოგიის კორპუსი და დააზიანა კიდევ ოთხი შენობა, სადაც ქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა და მძიმედ დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდნენ.
სულ ახლახან, 27 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგში აფეთქდა ავტომობილი, რომელიც ეკუთვნოდა „მიროტვორეცის“ მონაცემთა ბაზაში შეყვანილ რუს სამხედრო მოსამსახურეს. მის დანაყოფს ბრალი ედებოდა უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებში.
