ახალი ამბები

რა ხარვეზები აღმოაჩინა OSCE/ODIHR-მა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ საქმეებში

9 დეკემბერი, 2014 • • 1509
რა ხარვეზები აღმოაჩინა OSCE/ODIHR-მა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ საქმეებში

სასამართლო პროცესების მონიტორინგის პროცესი 2013 წლის თებერვალში დაიწყო და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ვანო მერაბიშილის, ბაჩო ახალაიას, ზურაბ ადეიშვილის, ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის და გიგი უგულავას, სულ 14 საქმეზე გააკეთა ფოკუსირება. ODIHR-ის დამკვირვებლები, ჯამში, 327 სასამართლო განხილვას დაესწრნენ. 

 

ანგარიშში შეშფოთებაა გამოხატული სამართლიანი სასამართლოს უფლების რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის მხარეთა თანასწორობის პრობლემაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. ანგარიშში პუნქტებადაა ჩამოყალიბებული ის პრობლემური თემები, რომლემაც სამართლებრივი პროცესების მონიტორინგის ფარგლებში ODIHR-ის თანამშრომლებმა დააფიქსირეს. 158-გვერდიან ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციებიც. ეუთოს ანაგარიშის 20 ძირითად მიგნებას უცვლელად გთავაზობთ:

 

1. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ წინა ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებების ტალღამ საქართველო საგულდაგულო დაკვირვების საგნად აქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და გამოიწვია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე და მომდევნო სასამართლო პროცესები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყვნენ. ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველო ამ საქმეების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაცვით წარმართვის გამოწვევის წინაშე დადგა. ის, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესები საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და სასამართლო პროცესში მონაწილე სხვა აქტორთა მიერ, წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების აღმასრულებელი ხელისუფლების შტოსგან დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ინდიკატორს და ამავე დროს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ხორციელდება სამართლიან სასამართლოსთან და კანონის უზენაესობასთან მიმართებაში არსებული ვალდებულებების მთელი სპექტრი და საერთაშორისო სტანდარტები.

 

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის ჩასატარებლად, რომლის საფუძველზეც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა დაიწყო იმ 14 საქმის სასამართლო პროცესების მონიტორინგის პროექტი, სადაც ერთი ან მეტი ბრალდებული პირის მიმართ შესაძლებელი იქნებოდა „თანამდებობის პირის“ დეფინიციის გამოყენება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის შესაბამისად.

 

3. ODIHR-ს სურს მადლიერება გამოხატოს საქართველოს ხელისუფლებასთან კარგი თანამშრომლობისთვის ამ პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე, აცნობიერებს საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე მცდელობებსა და მზადყოფნას შემდგომში გააუმჯობესოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელება უწყვეტი რეფორმების გატარების გზით და შეასრულოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები კანონის უზენაესობის სფეროში.

 

4. დაკვირვებული 14 საქმის ფონზე ანგარიშის მიზანია წარმოადგინოს ის საკითხები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებებას. საკითხის მოკლედ წარმოდგენის ინტერესის გათვალისწინებით, ანგარიში მოიცავს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც მონიტორების მიერ იქნა დადგენილი და რომელთაც ზოგჯერ სისტემური ხასიათი აქვთ და ამ მიზნით წარმოადგენს მათი საკანონმდებლო ან პრაქტიკულ დონეზე მოგვარების რეკომენდაციებს. გამომდინარე იქიდან, რომ მოცულობაშია შეზღუდული, ანგარიში არ მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლისა და პრაქტიკის ყველა ასპექტს, რომლებიც შესაბამისობაში იყო საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან.

 

5. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის: კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება, საზოგადოებრივი ნდობა სისხლის სამართლის სისტემის მიმართ, საჯარო განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და დუმილის უფლება, თავისუფლების უფლება, მხარეთა თანასწორობა, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება, დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ადვოკატის ყოლის უფლება და მოწმეთა დაცვა. ზემოაღნიშნული სამართლიანი სასამართლოს უფლებების განხილვა შესაბამის თავებში შეზღუდულია სამართლიანი სასამართლოს უფლების კონკრეტული ასპექტებით, რომელთა პრობლემურობა იქნა იდენტიფიცირებული.

 

6. საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო მთლიანობაში უზრუნველყოფს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლებას. კონსტიტუცია და საკანონმდებლო აქტები ზოგადად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და სასამართლოები იქმნება კანონის საფუძველზე. თუმცა სამართალწარმოების ზოგიერთი შემთხვევა ეჭვს იწვევდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესრულდა კანონით დადგენილი დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნები. მხარეთა და საზოგადოების მხრიდან სასამართლოების დამოუკიდებლობაში ლეგიტიმური ეჭვის არსებობა საფრთხის ქვეშ აყენებს სამართლიან სასამართლოს მაშინაც კი, როდესაც რეალური გავლენის მტკიცებულება არ არსებობს. ის ნიშნები, რაც ეჭვს აღძრავს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და შესაბამისად გავლენას ახდენს მის ასეთად აღქმაზე, უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ისეთ პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება ვერ უზრუნველყოს მოსამართლეთა ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვა. ეს მოიცავს მოსამართლეთა გადაყვანას ერთი სასამართლოდან მეორეში და მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას სრულიად გამჭვირვალე პროცედურის გარეშე, რაც მანიპულირებისა და ჩარევის შესაძლებლობას წარმოქმნის; და მოსამართლეთა შეცვლას მიმდინარე საქმების წარმოების პროცესში ყოველგვარი განმარტების გარეშე, რაც თავის მხრივ არ შეესაბამება შიდასახელმწიფოებრივ საპროცესო კანონმდებლობას. შესაძლოა ასეთი პრაქტიკა არ არღვევს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ბრალდებულის გასამართლების უფლებას, თუმცა მან გამოიწვია შეშფოთება მთლიანად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და შესაბამისად საზოგადოებრივი აღმადობის თვალსაზრისით.

 

7. საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ მისი ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მონიტორინგის პერიოდში, თავი იჩინა რამოდენიმე პრობლემამ, რაც ხელს უწყობდა სისხლის სამართლის სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის შერყევას. ოფიციალური პირების კომენტარები სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით მიანიშნებდა სისხლისსამართლებრივ დევნაზე მათი კონტროლის ან გავლენის არსებობაზე, რაც პოტენციურად ზემოქმედებას ახდენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე პროკურატურის მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ. საზოგადოებაში არსებული ეჭვები, მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით არ უწყობდა ხელს საზოგადოებრივი ნდობის გამყარებას სისხლის სამართლის სისტემისადმი და არ იძლეოდა მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის გარანტიას. და ბოლოს, მოსამართლეები ზოგჯერ არ ან ვერ ამყარებდნენ კონტროლს დარბაზში წესრიგის დაცვაზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ის ფაქტი, რომ ხელისშემშლელი ქცევა დარბაზში ძირითადად დაუსჯელი რჩებოდა და სასამართლო განხილვებს აკლდათ ფორმალობა, ზოგადად მიანიშნებდა სასამართლო სისტემისადმი ნაკლებ პატივისცემაზე.

 

8. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას შეეძლო ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ სასამართლო პროცესებზე დასწრება, შეინიშნებოდა მრავალი პრობლემა პროცესებზე დასწრების ხელმისაწვდომობის კუთხით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სასამართლო სხდომების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების პრობლემა, რაც რეგულარულ ხასიათს ატარებდა და აფერხებდა საზოგადოების პროცესებზე დასწრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფი სასამართლო საქმეების უმეტესობაში ბრალდებულებს წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები, რომელთა ირგვლივ გაკეთებული განცხადებები დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში, თუმცა ეს პროცესები ტარდებოდა ისეთ პატარა სასამართლო დარბაზებში, რომლებიც ვერ იტევდნენ ყველა დაინტერესებულ პირებს. შემდგომ, დარბაზიდან გასულ საზოგადოების წევრებს ექმნებოდათ დაბრკოლებები სასამართლო დარბაზში ხელახლა შესვლასთან დაკავშირებით. ასეთ შეზღუდვებს და ლიმიტირებულ შესვენებებს თუ გავითვალისწინებთ სხდომის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობის კონტექსტში, ამას შესაძლოა გამოეწვია საზოგადოების პროცესზე დასწრებისგან თავის შეკავება. მონიტორებმა აგრეთვე დააფიქსირეს მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც საზოგადოების პროცესებზე ხელმისაწვდომობა იზღუდებოდა, როგორც აცხადებდნენ, ეროვნული უსაფრთხოების მოტივით. ასეთ საქმეებზე მოსამართლე ზღუდავდა საჯარო განხილვის უფლებას იმის შემოწმების გარეშე, თუ რამდენად არსებობდა სხდომის დახურულად ჩატარების აუცილებლობა ეროვნული ინტერესების უსაფრთხოების მიზეზით. რაც შეეხება სასმართლო დარბაზში წესრიგის დამყარებას, მონიტორების დაკვირვებით, მოსამართლეები ხშირად სათანადოდ არ განმარტავდნენ წესებს და არ იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ სანქციებს. სასამართლოების დამოკიდებულება საზოგადოების ან მედიის მიერ სასამართლო სხდომების ჩანაწერების გაკეთების მიმართ ცვალებადი და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი იყო, რასაც შეეძლო საზოგადოების სასამართლო სხდომებზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, არსებული პრაქტიკა იწვევდა ბრალდებულთათვის საჯარო განხილვის უფლების დარღვევას სხვადასხვა ხარისხით და შესაბამისად ზღუდავდა საზოგადოების ხელმისაწვდომობას ამ პროცესების მიმართ.

 

9. დაკვირვების შედეგად გამოვლენილი პრაქტიკა გარკვეულ შეშფოთებას იწვევდა იმ მხრივაც, თუ რამდენად ზედმიწევნით იცავდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებს, რაც წარმოაჩენდა იმას, რომ სასამართლოს, პროცესში მონაწილე მხარეებს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეულწილად ბოლომდე არ ჰქონდათ გაცნობიერებული ამ პრინციპის შესაძლო ფარგლები. დაკავებული ბრალდებულების საბრალდებო სკამზე ან შუშით შემოღობილ სივრცეში მოთავსება ქმნიდა მათი დამნაშავეებად აღქმის რისკს, ზღუდავდა ადვოკატისგან რჩევის მიღების შესაძლებლობას და ლახავდა მათ ღირსებას. ეს განსაკუთრებით პრობლემატური იყო იმ შემთხვევებში, როცა არ ხდებოდა ამგვარი ზომების გამოყენებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ან რისკის შეფასება, მართალია ბრალდებულის წინა ნასამართლეობაზე მსჯელობა დასაშვებია ზოგ შემთხვევაში და სასჯელის შეფარდების მიზნებისთვის, მაგრამ მოსამართლეები ასეთ მსჯელობას რუტინულად უშვებდნენ, რასაც შეეძლო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ბრალდებულის შესახებ დამნაშავის შთაბეჭდილების შექმნა გამოეწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, სადაც ისინი ბრალდებულთა ბრალეულობის შესახებ საუბრობდნენ განაჩენის გამოტანამდე, აკნინებდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის მნიშვნელობას, რადგანაც წინ უსწრებდნენ სასამართლოს შეფასებებს და ხელს უწყობდნენ საზოგადოების თვალში ბრალდებულის დამნაშავედ წარმოჩენას. და ბოლოს, ბრალდების დადგენილების მტკიცებულებად ჩათვლა, ფაქტიურად ნიშნავდა მისი მცდარობის დადგენის მტკიცების ტვირთის ბრალდებულზე გადატანას.

 

10. სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მოსამართლეთა მიერ არასაკმარისი განმარტებების გაკეთების შესახებ ამ ანგარიშში მოყვანილი მაგალითები, ბრალდებულთათვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ კითხვებზე პასუხების მოთხოვნა და ბრალდებულების ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით გამოძახება, იწვევდა ბრალდებულთა მიერ თავიანთი მამხილებელი ინფორმაციის გამჟღავნებას და თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლების შესაძლო ხელყოფის შესახებ ეჭვებს. დაკვირვების შედეგად დაფიქსირებული შემთხვევები და ადვოკატის მხრიდან მათზე განუხორციელებელი რეაგირება, ასახავს პროცესის მონაწილეების მიერ ამ ფუნდამენტური პრინციპების გაუცნობიერებლობას.

 

11. დაკვირვების შედეგად გამოვლენილი პატიმრობის შესახებ სასამართლო პრაქტიკა უმეტესად შეესაბამებოდა ეროვნულ კანონმდებლობას, მაგრამ სრულად ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. დასაბუთებულობის გარეშე მოსამართლეებმა უარი თქვეს დაცვის შუამდგომლობებზე, რომლებიც პატიმრობის შეფარდების ან გაგრძელების პროცესში იქნა წარდგენილი, ამან კი შექმნა თვითნებობისა და მიკერძოებულობის შთაბეჭდილება. წერილობითი გადაწყვეტილებები შეიცავდნენ მცირე დასაბუთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მტკიცებულების შეფასება ან მხარეთა არგუმენტები, როგორც ამას ითხოვს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები. ამგვარი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ შეუსაბამოა თავისუფლების უფლებასთან, არამედ, სავარაუდოდ ხელს უწყობს საზოგადოების უნდობლობას სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაპატიმრების პერიოდულ შემოწმებას, პატიმრობის შეცვლის ინიცირების ტვირთი გადატანილია დაცვის მხარეზე დამპატიმრებელი ორგანოების მიერ დაპატიმრების პერიოდული შეფარდების მოთხოვნის მაგივრად. აღნიშნულმა ხელი შეუწო იმგვარი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, სადაც პატიმრობა ავტომატურად მაქსიმალურ ვადამდე – 9 თვემდე გრძელდებოდა, რაც თავისუფლების პრეზუმფციის დარღვევას წარმოადგენს.

 

12. რამდენიმე ხარვეზი გამოვლინდა მხარეთა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით. ბრალდებულებისთვის მათი უფლებების შესახებ სათანადო ინფორმაციის არ მიწოდება სასამართლო პროცესის მსვლელობისას, მათ აყენებდა არათანაბარ პოზიციაში ბრალდების მხარესთან შედარებით, რის შედეგადაც მოსალოდნელი იყო მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალური დარღვევა. აგრეთვე, როდესაც სასამართლო არ აძლევდა ბრალდებულს ან დაცვის ადვოკატს საკმარის დროს საქმის მოსამზადებლად, მათ შორის ბრალდების მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის მოსამზადებლად, ირღვეოდა პროცესში ბრალდების მხარესთან თანაბარ საწყისებზე მათი მონაწილეობის უფლება.

 

13. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა, რომლის მიზეზიც, სასამართლოს ვარაუდით, ბრალდებულების მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება იყო, ძნელია უწოდო სამართლიანი. ამასთანავე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არ იძლევა საქმის გადასინჯვის გარანტიას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო სისტემა ასევე არღვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგან ბრალდებულს ერთმევა „საქმის არსებითი განხილვის შესაძლებლობა”, როცა მას სათანადო პროცედურის დაცვით არ მიეწოდა სასამართლოში გამოცხადების შეტყობინება ან ვერ გამოცხადდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. და ბოლოს, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა არღვევს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ზეპირი და შეჯიბრებითი განხილვის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ორივე მხარეს ეძლევა დასწრებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა.

 

14. რიგ საქმეებში, მონიტორინგმა ასევე გამოავლინა ხარვეზები გონივრულ ვადაში სასამართლო განხილვის უფლებასთან დაკავშირებით, როცა საქმეთა გადადება ხანგრძლივი პერიოდით ხდებოდა. ზოგიერთ გადადებულ საქმეში ფიგურირებდნენ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები; ზოგ შემთხვევაში გაჩნდა აღქმა, რომ საქმის გადადება პოლიტიკურ ჩარევასთან იყო დაკავშირებული, რათა თავიდან აეცილებინათ მაშინდელი პრეზიდენტის მიერ ბრალდებულის შეწყალება საპრეზიდენტო ვადის მიწურულს. არჩევნებამდე კვირებით ადრე საქმეების გადადება პროკურატურის მიერ აგრეთვე აჩენდა აზრს სასამართლო სხდომების განრიგის პოლიტიკური მოსაზრებების მიხედვით დაგეგმვის თაობაზე. ზოგადად შეიმჩნეოდა სასამართლო საქმეების არაეფექტური მენეჯმენტი, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პროკურატურისთვის განრიგის დაგეგმვის უპირატესობის მინიჭების ტენდენცია სასამართლოთა მიერ. მტკიცებულებათა გრძელი სიის წაკითხვის პრაქტიკაც აზრს იყო მოკლებული, დიდ დროს მოითხოვდა და ეწინააღმდეგებოდა საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებას. ზემოთ თქმულის ერთობლიობაში განხილვით, აღნიშნული შემთხვევები ხელყოფდნენ გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების განხორციელებას.

 

15. მონიტორინგმა გამოავლინა მოწმეთა გამოძახებასთან და დაკითხვასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე. სასამართლოები კრძალავდნენ არასასამართლო გზით მოპოვებული ჩვენებების წაკითხვას ან მასზე მინიშნებას მოწმის თანხმობის გარეშე, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამგვარ რეგულაციას ითვალისწინებს მხოლოდ ბრალდებულების მიმართ. ამას გარდა, არასამართლიანად იზღუდებოდა ჯვარედინი დაკითხვის უფლებები იმ წესის გამო, რომლის მიხედვითაც მოწმის ჩვენების „არსებითი ურთიერთწინააღმდეგობის” ან არაჯეროვანი იძულების დასადასტურებლად საჭირო იყო მოწმის ჩვენების აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირება.

 

16. არსებული ნორმატიული ჩარჩო არ განსაზღვრავს მტკიცებულებების შესახებ საკმარისად მკაფიო წესებს, ანუ რა ტიპის ინფორმაციის გამოყენებაა შესაძლებელი მოწმის ჯვარედინი დაკითხვისას და როგორ უნდა იქნას ეს ინფორმაცია გამოყენებული. მაგალითად, არ არსებობს პროცედურა, რომელიც ადგენს თუ როგორ უნდა შეფასდეს მოწმის სანდოობა ან რაიმე ინსტრუქცია, რომელიც განმარტავს თუ რა ითვლება ამ მიმართებით დასაშვებ მტკიცებულებად. მოწმეთა უნდობლობა მათ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების გამო, არა მხოლოდ არ შეესაბამებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, არამედ, იგი არღვევდა მოწმის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ბოლოს უნდა აღინიშნოს პრობლემატური შემთხვევა, როცა მხარეები ახდენდნენ იმ მოწმეთა გამოკვლევას, რომლებიც სხვა პირთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესახებ იძლეოდნენ ჩვენებებს და მათი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ მხარეებს.

 

17. განაჩენის გამოტანის მოტივაციის მკაფიოდ გადმოცემა ძირითადი მეთოდია სასამართლო პროცესებში თვითნებობის შთაბეჭდილების გასაქარწყლებლად და ამდენად მნიშვნელოვანია, რომ განაჩენი კარგად იყოს დასაბუთებული. მონიტორინგმა დააფიქსირა, რომ მრავალ განაჩენში ხდებოდა წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასების უგულვებელყოფა და ასევე სამართლებრივი ანალიზის წარმოდგენა არ ხორციელდებოდა საკმარისად იმის ასახსნელად, თუ რის საფუძველზე მოხდა კონკრეტული სასჯელის შეფარდება. მსგავსი პრაქტიკა ხელყოფდა ბრალდებულის უფლებას დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე.

 

18. ძნელია შეფასდეს სამართლებრივი წარმომადგენლობა მხოლოდ პროცესებზე დაკვირვების შედეგად, თუმცა დაცვის ადვოკატთა ქმედებები და უმოქმედობა მიანიშნებდა, რომ იგი არ შეესაბამებოდა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მოთხოვნებს. მრავალ შემთხვევაში დაცვის ადვოკატები არ ცხადდებოდნენ სასამართლო პროცესებზე. როდესაც ცხადდებოდნენ, მათი ქმედებები თუ უმოქმედობა ხშირად ბადებდა კითხვებს მათი დამოუკიდებლობის, კომპეტენციისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. აგრეთვე, ბრალდებულები პროცესზე ხშირად დგებოდნენ ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის განხორციელების სიძნელეების წინაშე, განსაკუთრებით ბრალდებულები, რომლებიც შუშის გისოსებში იყვნენ მოთავსებულნი. იყო აგრეთვე პრობლემები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენდნენ თუ არა ოჯახის მიერ შერჩეული ადვოკატები, იმ კლიენტების საუკეთესო ინტერესებს, რომელთა საქმე დაუსწრებლად იხილებოდა. ეს გამოიხატებოდა ბრალმდებლის მიერ მოწმეთა არაჯეროვან დაკითხვასა და ჯვარედინ დაკითხვაში; არ ხდებოდა ადვოკატებისა და კლიენტების ადეკვატური დროითა და საშუალებებით უზრუნველყოფა კონფიდენციალური და პრივილეგირებული კომუნიკაციის განსახორციელებლად; ადვოკატის სავალდებულო დანიშვნის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბრალდებულის დასწრების გარეშე მიმდინარე პროცესებზე.

 

19. სასამართლო პრაქტიკაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესის არცერთი მონაწილე არ სცემდა პატივს მოწმეთა და დაზარალებულთა უფლებებს. დაზარალებულთა და მოწმეთა თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დანაშაულთან ეფექტურად გამკლავებისთვის, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვის, თანაგრძნობით მოპყრობისა და ინფორმირების, მოწმეთა და დაზარალებულთა პროცესში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფის გარეშე, შეუძლებელია ამ უკანასკნელის უზრუნველყოფა. სამართლიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა არა მხოლოდ ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზრუნველყოფს, არამედ, იგი აგრეთვე აბალანსებს ბრალდებულისა და მოწმეთა და დაზარალებულთა უფლებებს. მოსამართლეების მიერ მოწმეთა და მათ შორის დაზარალებულთა და ექსპერტთა არასათანადოდ ინფორმირება მათი უფლება-მოვალეობების შესახებ, ზედმეტად აგრესიული და ხშირად მუქარის შემცველი მოპყრობა მხარეების მხრიდან, მათი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება, მაგალითად, მათი მისამართის საჯაროდ გამოცხადების მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაცვის აუცილებლობის გაუთვალისწინებლად, მოწმეთა და დაზარალებულთა უფლებების დაცვაში სერიოზულ ხარვეზებს ქმნიდა. საქართველოში სათანადო საკანონმდებლო ან ინსტიტუციონალური ჩარჩოს არარსებობამ, რამაც მთლიანად უნდა უზრუნველყოს დაზარალებულთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, განაპირობა ხარვეზები მათი დაცვის კუთხით.

 

20. ზემოთ მოყვანილი დაკვირვებებიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებების კონკრეტულ სირთულეებს – რაც ხშირად სისტემურ ხასიათს ატარებდა – გამოვლინდა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვა ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის საქმეებში არ იყო სრულად უზრუნველყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვებისას გამოვლენილი ხარვეზები შესაძლოა არ არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას თავისთავად, მაგრამ გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევების, ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზებისა და ზოგადად პრობლემატური სასამართლო პრაქტიკის კომბინაცია, საფრთხეს უქმნიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულ დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი