ახალი ამბები

რა წერია პრეზიდენტის ვეტოში

20 მაისი, 2024 •
რა წერია პრეზიდენტის ვეტოში

საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 14 მაისს მიღებულ რუსულ კანონზე.

პრეზიდენტის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წელს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი.

პრეზიდენტის თანახმად, კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან:

  1. „ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს (გაერთიანების თავისუფლება) — კანონი აიძულებს ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ. უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ გაუქმდეს;
  2. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები) — კანონი აწესებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცე იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისგან. ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება;
  3. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს (თანასწორობის უფლება) — კანნი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია, რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით. უნგრეთში მოქმედი კანონის შეფასებისას, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ (CJEU) დაასკვნა, რომ უნგრეთში იურიდიული პირების განსხვავება დაფინანსების წყაროს მიხედვით არაპირდაპირი დისკრიმინაციაა;
  4. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს ( ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) — კანონი თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების პოზიცია ნათელია — კანნი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. კანონი პირაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური ორგანოებისთვის კონსტიტუციით დაწესებულ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“, — ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე და წარადგენს შესაბამის კანონპროექტს.

პარლამენტისთვის დაბრუნებულ კანონპროექტს დამატებული აქვს ერთადერთი პუნქტი: ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1-ლი დღის განმავლობაში.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დანართის სახით ახლავს 2023 წლის ივლისში ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნაც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს თქვა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „არ არის შინაარსობრივი, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს“

„ეს არის ვეტოსთან ახლოს მდგომი დოკუმენტი, რომელიც არის წმინდად ფორმალისტური თვალსაზრისით, ვეტოს მსგავსი შინაარსის შემცვლელი. თუ მას მართლა მიაჩნდა, რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ახსნა? როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში? ვერ წერენ იმიტომ, რომ არ აქვთ არგუმენტები. ჩვენ პროცედურული თვალსაზრისით ამ ფორმალურ ვეტოსაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და შესაბამისი პროცედურების დაცვით დავძლევთ”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ კანონზე ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს.

„ეს არის ტყუილი და საზოგადოებას შეცდომაში შეყვანა. პრეზიდენტი სვეტო არის მოტივირებული. მასში აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, ხოლო კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, ეს არის იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, მისი გაუქმება შეუძლებელია“, — განმარტა მსხილაძემ.

18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი