რუსულ კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის ბიურომ განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.
პარლამენტის ანონსებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჯერ-ჯერობით დამატებული არაა. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება ვეტოს საკომიტეტო განხილვა.
თუმცა, ცნობილია, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შემდეგ სასესიო კვირაში გეგმავს. ამის შესახებ დღეს, 20 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მიმდინარე კვირა არასასესიოა, შესაბამისად პარლამენტში მხოლოდ საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. რეგლამენტის მიხედვით კი პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ანუ ვეტო, პარლამენტმა ჯერ კომიტეტზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილოს.
„დღეს ბიუროს მეშვეობით [ვეტო] გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც განიხილავს და შემდეგ სასესიო კვირაში [დაიძლევა] თავისთავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.
დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.
უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.