12 ოქტომბერს “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7 მლნ აშშ დოლარზე მეტი მისცა, სამაგიეროდ კი ოქრუაშვილს რუსთავი 2–თან დაკავშირებით მოთხოვნის ყველა უფლება გადაეცა. რუსთავი 2–ის განცხადებით, შესაძლოა ოქრუაშვილმა ხალვაშთან 2004 წელს დადებული დოკუმენტი გაასაჯაროოს.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის “რუსთავი 2″–თან დაკავშირებით არავითარი დოკუმენტი არ გაფორმებულა.
“არანაირი ასეთი გარიგება, ხელშეკრულება არ არსებობს. თუ ვინმე რაიმე მსგავსი ტიპის დოკუმენტს მოიპოვებს ან გააჩენს, ეს ცალსახად იქნება ფაბრიკაცია და გაყალბებული დოკუმენტები. ასეთი რამე არ არსებობს ბუნებაში. მე გადავამოწმე ხალვაშთან და მან გამორიცხა ყოველგვარი მსგავსი დოკუმენტის არსებობა, ოქრუაშვილთან რაიმე ტიპის გარიგების არსებობა. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ თითქოს 7 მილიონი მისცა ოქრუაშვილმა ხალვაშს, დამერწმუნეთ, 2004 წელს ქიბარ ხალვაშს ნამდვილად არაფერი არ სჭირდა ისეთი, რომ ვინმეს მისთვის ფული მიეცა. ის საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენი იყო, მრავალმილიონიან ბიზნესს ფლობდა საქართველოში და მან შეიძინა ტელეკომპანია,”– განაცხადა პაატა სალიამ.
პაატა სალიას თქმით, გვარამიას განცხადება 7 მილიონთან დაკავშირებით ამტკიცებს იმას, რომ “რუსთავი 2″–ის წილები სწორედ ეს თანხა ღირდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა ღირდა “რუსთავი 2″–ის წილები და ქიბარ ხალვაშს ისინი 10–ჯერ და 20–ჯერ უფრო ნაკლებ ფასად დაათმობინეს.
პაატა სალია აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფიგურების შემოყვანით ცდილობენ, რომ საკითხს მაქსიმალურად პოლიტიკური სახე მისცენ.
“კერძო ხასიათის დავაა, არანაირი შეხება ოქრუაშვილს ამ თემასთან არ ჰქონია, იყიდა ქიბარ ხალვაშმა ეს წილები და მას უსასყიდლოდ დაათმობინეს, ხელშეკრულებაში მინიმალური თანხის მითითებით, ანუ ფიქტიური ხელშეკრულებით,”– ამბობს პაატა სალია.
პაატა სალია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ოქრუაშვილის “რუსთავი 2″–ის საქმეში შესაძლო ჩართვის შესახებ არანაირი ინფორმაცია და კავშირი არ აქვს არც თავად, არც თავისი დაცვის ქვეშ მყოფს.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატს ნეტგაზეთი მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზეც ესაუბრა.
რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლის ოჯახის წევრი პროკურატურის მძევალია და მას პატიმრობა ემუქრება. “იგი არის შანტაჟის მსხვერპლი პროკურატურის მხრიდან. პროკურატურა მანიპულირებს ამ ოჯახის წევრით და, შესაბამისად, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ მოსამართლე ურთმელიძე ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პაატა სალია აცხადებს, რომ ეს მოსამართლის აცილებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არის.
“გავიგე ის ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე დედამისის წინააღმდეგ, ვთქვათ, მიმდინარეობს. რა კავშირი აქვს პროკურატრურაში მიმდინარე საქმეს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნასთან? პროკურატურას თუ რაიმე სახის ზეგავლენის მოხდება ნდომოდა ამ საქმეზე, იცით, რამდენი მტკიცებულებაა პროკურატურაში და რამდენი ადამიანია დაკითხული რუსთავი 2–ის საქმეზე? რატომ აქამდე არ გააკეთა არაფერი,”– განაცხადა მან.
სალია აცხადებს, რომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დასრულდება. ის დარწმუნებულია, რომ საქმის არსებითად განხილვა უზენაეს სასამართლოსაც მოუწევს. მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო მოსამართლე აუცილებლად მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამიტანს, სალია სასამართლოზე ზეწოლად აფასებს.
“წინასწარ უნდათ გამოაცხადონ ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს სასამართლო, რომ ეს არის არალეგიტიმური გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, რომელიმე მხარეს არ მოეწონება და გაასაჩივრებს ზემდგომ სასამართლოში. იქაც სამი ურთმელიძე არ დახვდება ხომ ამ საკითხს,”– განაცხადა სალიამ.
სალიას განცხადებით, საკითხის პოლიტიზებით სასამართლოზე გავლენის მოხდება ცდილობენ.
“ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებების მძევალი უფრო შეიძლება გახდეს სასამართლო, ვიდრე სხვა რამე გარემოებების და ამაზე არავინ არ საუბრობს. ძალიან მიკვირს, რომ სასამართლო არ აკეთებს ამაზე განცხადებას, რომ მართლა არ შეიძლება, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი ზეწოლა სასამართლოზე. მე არ ვარ დაზღვეული, რომ ამ ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩნდება მოსამართლე და არ გამოიტანს ჩემს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას,”– აცხადებს პაატა სალია.
რაც შეეხება რუსთავი 2–ის საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, საქმის არსებითი განხილვა 19 ოქტომბერს იწყება. პაატა სალიას განცხადებით, მათ გასულ სამშაბათს სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინეს, თუმცა, 12 ოქტომბერს, სალიას თქმით, დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს და მისი ინფორმაციით, მეორე მხარე მტკიცებულებების გასაცნობად არ მისულა.
პაატა სალია ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, რომ სასამართლო პროცესს დაესწრონ და დააკვირდნენ:
“თუ ეს ადამიანები ნახავენ, რომ სასამართღლო წარიმართა შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევით, მიკერძოებულად, მარტო “რუსთავი 2” არ ილაპარაკებს ამაზე, ილაპარაკებს მთელი საზოგადოება,“– აცხადებს ადვოკატი.