ახალი ამბები

ევროპელი მინისტრების თანახმად, პაპუაშვილმა იცრუა

15 მაისი, 2024 •
ევროპელი მინისტრების თანახმად, პაპუაშვილმა იცრუა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფი, 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ; კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანნი“.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ მინისტრები ზემოაღნიშნულზე დაეთანხმნენ. თუმცა თავად ევროპელმა მინისტრებმა ასეთი თანხმობის არსებობა უარყვეს.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო — ჩვენ არც ერთ ამათგანზე არ შევთანხმდით. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით“, — დაწერა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ დაბნეულობის საპასუხოდ საჭიროდ ვთვლი განვმარტო — ჩვენ არ დავთანხმდით, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა „გარკვეული შეშფოთება“, — დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზემ, თავის მხრივ, დაწერა, რომ შეშფოთება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტისა და საქართველოს ევროპულ გზაზე მისი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, უტყუარია.

„ეს განვუცხადეთ პარლამენტის თავმჯდომარეს. არ დაიჯეროთ განცხადებები, რომლებსაც სპიკერი გვაწერს რუსეთის სანქციების ან ბატონი სააკაშვილის შესახებ“, — დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალამ“ 13 მაისს ხელისუფლებას მოუწოდა, არ შეხვედროდა  4 ქვეყნის (ლიეტუვა, ესტონეთი, ისლანდია, ლატვია) საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას, ასევე განეხილა მათი ქვეყანაში შემოშვების მიზანშეწონილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი