თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილისა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
პროკურატურა აბაშიძესა და იაშვილს სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავება. გარდა ამისა, უჩა აბაშიძეს, დამატებით, ბრალი წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
სასამართლო სხდომის დიდი ნაწილი დახურული იყო. პროკურატურამ დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზეც მოაწერინა ხელი. შესაბამისად, საქმის სხვა დეტალები, გარდა იმისა, რასაც თავად სახელმწიფო ბრალდება ავრცელებს, ამ ეტაპზე უცნობია.
სხდომის იმ ნაწილში, რომელიც ჟურნალისტებისთვის ღია იყო, უჩა აბაშიძემ აღნიშნა, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელების მხრიდან გრძნობდა დამამცირებელ მოპყრობას და ცინიკურ დამოკიდებულებას.
სამხედრო ბლოგერი და ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. პოლიცია მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ატარებდა, რომ აბაშიძესთან ადვოკატი და ოჯახის წევრები არ შეუშვეს. პარალელურად, აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებული იყო ბევრი პოლიციელი.
დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს აბაშიძის სახლიდან ამოღებული იარაღები. უჩა აბაშიძე “აირსოფტის” ფედერაციის რეზიდენტია. ეს არის სპორტული თამაში, რომელიც სათამაშო იარაღითა და პლასტმასის, ბიოდეგრადირებადი ტყვიებით ჯგუფურ შეჯიბრებას გულისხმობს. ოჯახის ინფორმაციით, ყველა იარაღი, რომელიც აბაშიძის სახლიდან ამოიღეს, სათამაშოა, გარდა ორისა, რომელიც მას ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული.
ამავე თემაზე:








