სამხედრო ბლოგერ და პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილე უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლავამ დღეს, 4 თებერვალს მიიღო.
4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მასთან ერთად დაკავებულ მარიამ იაშვილს.
პროკურატურა ორივე მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავებოდა. უჩა აბაშიძეს, დამატებით, 236-ე მუხითაც ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც საბრძოლო მასალის შენახვას გულისხმობს.
სასამართლოს სხდომები დახურული იყო, ამიტომ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. პოლიცია მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ატარებდა, რომ აბაშიძესთან ადვოკატი და ოჯახის წევრები არ შეუშვეს. პარალელურად, აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებული იყო ბევრი პოლიციელი.
დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს აბაშიძის სახლიდან ამოღებული იარაღები. უჩა აბაშიძე “აირსოფტის” ფედერაციის პრეზიდენტია. ეს არის სპორტული თამაში, რომელიც სათამაშო იარაღითა და პლასტმასის, ბიოდეგრადირებადი ტყვიებით ჯგუფურ შეჯიბრებას გულისხმობს. ოჯახის ინფორმაციით, ყველა იარაღი, რომელიც აბაშიძის სახლიდან ამოიღეს, სათამაშოა, გარდა ორისა, რომელიც მას ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული.
11 მაისს დააკავეს მისი ცოლი, მარიამ იაშვილიც.
პროკურატურის მტკიცებით, ისინი სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალებს უკანონოდ მოიპოვებდნენ და ინახავდნენ.