ახალი ამბები

დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი

11 მაისი, 2024 •
დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი

ოჯახის ინფორმაციით, დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი მარი იაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გამოძიების ვერსიისთ, უჩა აბაშიძემ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მარი იაშვილთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

„აღნიშნულის მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას. ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.

ამასთანავე, მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს“, — აცხადებს შსს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.

„სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“, — აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, თბილისში, აბაშიძის #22-ში მდებარე უჩა აბაშიძის  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ოპტიკა და ა.შ.

შსს-ს თქმით, აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოიღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.

ოჯახის ინფორმაციით, ყველა იარაღი, რომელიც აბაშიძის სახლიდან ამოიღეს, სათამაშოა, გარდა ორისა, რომელიც მას ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული. შსს კი ამბობს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად“.

რაც შეეხება უჩა აბაშიძის მეუღლეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.

„ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც უ.ა.-ს კომპიუტერულ ტექნიკაში, ასევე, მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები.

გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, — განაცხადა შსს-მ.

სამხედრო ბლოგერი და ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. პოლიცია მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ატარებდა, რომ აბაშიძესთან ადვოკატი და ოჯახის წევრები არ შეუშვეს. პარალელურად, აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებული იყო ბევრი პოლიციელი.

დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს აბაშიძის სახლიდან ამოღებული იარაღები. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს აბაშიძის მხრიდან შსს-ს, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ვებ-გვერდების სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტებზეც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი