ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს ბლოგერისა და აქტივისტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ადვოკატს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრებისა და უჩა აბაშიძესთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა.
ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა აბაშიძის ინტერესები და დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა უწყება არ აძლევს მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას.
მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას, შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება”, – წერია საიას განცხადებაში.
უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები და ანტირუსული პროტესტის მონაწილეები.