ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

29 აპრილი, 2024 •
გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

ოპოზიციონერი დეპუტატები, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი გააძევეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც „რუსულ კანონს“ განიხილავენ.

„რუსული კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა ხმაურიანად მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი, ასევე, მისცა გაფრთხილება. გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა რეპლიკების გამო.

„დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაბრძანდით“, — მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.

„რუსული კანონის“ განხილვაზე პარლამენტში გამოცხადებულია უსაფრთხოების ე.წ. ყვითელ დონე — საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს, გარდა ტელევიზიებისა. ომბუდსმენმა, უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მოუწოდეს პარლამენტს, ონლაინ მედიას მიეცეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.

დღესვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ქართულ ოცნებას“  დაგეგმილი აქვს აქცია, რისთვისაც ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი