საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.
ამის შესახებ ბორელმა დღეს, 22 აპრილს, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელის თქმით, საბჭოზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოში შექმნილი სიტუაცია იყო. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს რუსული კანონის გამო.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება, როცა 1 წლის წინ უკან გაწვეული რუსული კანონი ისევ დააბრუნა.
„გასულ კვირას მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. მე ვიმეორებ, ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა და დასძინა, რომ ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში და ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსული კანონი პარლამენტში უკან დაბრუნდა.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში მინისტრები გაგზავნონ ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოზე.
The situation in ?? was brought up today among ?? foreign ministers. there was a call to send ministers to ??for a visit or the Georgian foreign ministers to come to brussels for an upcoming EU foreign affairs council
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 22, 2024