ახალი ამბები

კობახიძე აკრიტიკებს “დინამოს” ხელმძღვანელობას, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროპულ მომავალს

22 აპრილი, 2024 • 1563
კობახიძე აკრიტიკებს “დინამოს” ხელმძღვანელობას, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროპულ მომავალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ კლუბმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ მომავალს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს და რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი”.

კობახიძის განცხადებით, “როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი”.

„ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან [ნაციონალური მოძრაობის წევრებმა] ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე. მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“, ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი ფაქტობრივად განადგურების პირამდე მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება გვქონდა ჩვენ მთელი ის წლები ევროტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისი დინამოს“ ათ თამაშში აქვს 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი”, – განაცხადა კობახიძემ.

„თბილისის დინამომ“ 10 აპრილს განცხადება  გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპულია.

„ჩვენი ევროპული მომავალი  ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი, რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ. ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!“, — ნათქვამია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს ინიციირებული კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

საპარლამენტო უმრავლესობამ 83 დეპუტატის მხარდაჭერით კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი