ახალი ამბები

რუსთაველი ისევ გადაიკეტა – მოქალაქეები რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ

21 აპრილი, 2024 • 633
რუსთაველი ისევ გადაიკეტა – მოქალაქეები რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ

დედაქალაქის ცეწნტრალური გამზირი ისევ გადაკეტილია – მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები საკანონმდებლო შენობასთან უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.

მე-4 დღეა პროტესტის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ყოველ საღამოს, 7 საათზე პარლამენტის წინ იკრიბებიან და შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ. დღეს მარში უზენაესი სასამართლოსა და “ქართული ოცნების” ოფისისკენ გაიმართება.

ახალგაზრდები თვითორგანიზებულად იკრიბებიან და ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე, სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას.

2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. აქცია დაგეგმილია დღესაც, 21 აპრილსაც, 19:00 საათზე.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი