ახალი ამბები

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა

16 აპრილი, 2024 • 1697
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ, 17 აპრილის სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

17-18 აპრილს ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტი იმართება. ორდღიანი შეხვედრისას ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებს, უკრაინას, თურქეთს, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბანს.

შარლ მიშელის განცხადებით, სამიტზე საგარეო ურთიერთობის საკითხებზეც იმსჯელებენ.

საქართველოს პრეზიდენტი მანამდე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და განაცხადა, რომ მოსახლეობის ნებისა და პარტნიორების პროტესტის ფონზე ხელისუფლების დაჟინება, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა.

თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღეს, 16 აპრილს, არაერთხელ დაიძაბა მდგომარეობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.


რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი