ახალი ამბები

ესენი უნდა გავყაროთ თავის რუსის კანონთან ერთად, რადგან მიგვათრევენ რუსეთში — ელისაშვილი

15 აპრილი, 2024 • 2095
ესენი უნდა გავყაროთ თავის რუსის კანონთან ერთად, რადგან მიგვათრევენ რუსეთში — ელისაშვილი

პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონზე საუბრობდა, თავში მუშტი ჩაარტყა. ელისაშვილს დარბაზი დაატოვებინეს.

„ეგ კანონი ამათ ტრ**** უნდა გავუკეთოთ, რა არგუმენტები და რის არგუმენტები? ბიძინები და მიშები მიდიან და მოდიან. მიშა რომ გრგვინავდა, კი იცით, ახლა სად არის. ესეც ასე დაამთავრებს და ნუ გადაეფარებით ბოლომდე. მე ოცნების ხალხთან რამდენი გავლანძღულვარ, ხომ იცით, ტყუილუბრალოდ. მაშინ ის გავბედე, რაც ვერავინ ვერ გაბედა ოპოზიციიდან. ყველას რომ უნდოდა და არავის ერთი ადგილი არ ჰქონდა.

ერთი კაპიკი არასდროს ცხოვრებაში არ ამიღია, მე ვარ მართალი ჩემს საქართველოსთან. სულ ვცდილობდი, რომ მეთანამშრომლა, სულ ვცდილობდი, ადამიანურად მელაპარაკა — უცხოეთში იყო, აქ იყო, რომ მეთქი, საქართველოა და სახელმწიფოა და რუსეთში მიგვათრევენ.

ხალხნო, ქოცი, ნაცი, ელისაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა — რუსეთში მიგვათრევენ, ულაპარაკოდ, ამას წყალი არ გაუვა! სამი საათია ბლუკუნებდნენ, უბრალოდ, შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ — თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება მწვანეაო“, — ამბობს ელისაშვილი.

„ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავის რუსის კანონთან ერთად, რადგან ესენი მიგვათრევენ რუსეთში და მორჩა. ამოვიდა ყელში და მივეცი ერთი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს მერე“, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

„შენი რუსი…“ — ისმოდა კადრში ალეკო ელისაშვილის ხმა, რის შემდეგაც მის გარშემო სხვა დეპუტატებმა დაიწყეს ჩხუბი. ამ დროს გაითიშა პირდაპირი ეთერი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან.

დღეს, 15 აპრილის, დილიდან პარლამენტში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მსგავსის მიღებამ რუსეთში გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და მედიები.

პარარელურად, საპროტესტო აქცია იმართება პარლამენტის შენობის გარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი