ახალი ამბებისაზოგადოება

„კობახიძე მონა! არა რუსულ კანონს!“ — აქცია ბერლინში

12 აპრილი, 2024 • 1459
„კობახიძე მონა! არა რუსულ კანონს!“ — აქცია ბერლინში

პარასკევს, 12 აპრილს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ხვდებოდა, გერმანიაში მცხოვრები ქართველები საქართველოს მთავრობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის წინააღმდეგ კანცლერის ოფისთან აქციას მართავდნენ.

„აქ მცხოვრებ ქართველებს გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას [კობახიძეს] გასულ წელს მოცემული დაპირება, რომ ამგვარი კანონის ინიციირება მისი პარტიის გეგმებში არ შედიოდა. ანალოგიური მრავალჯერ გაიმეორეს მისმა თანაგუნდელებმა, თუმცა საქართველოს მოსახლეობა მოტყუებული დარჩა“, — წერდნენ აქციის ანონსში გერმანიაში მცხოვრები ქართველები და მოუწოდებენ მმართველ პარტიას, არ შეუშალოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და უკან გაიწვიოს რუსული კანონი.

„კობახიძე მონა! არა რუსულ კანონს!“ — ისმოდა შეძახილები კანცლერის ოფისთან ოლაფ შოლცისა და კობახიძის შეხვედრის პარალელურად. აქციის მონაწილეებს, გარდა რუსული კანონის საწინააღმდეგო მოწოდებებისა, ეკავათ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი ტრანსპარანტები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი შეკრების პარალელურად მობილიზებული იყვნენ ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები და პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნენ.

ნეტგაზეთი აქციის ორგანიზატორს, DAAD-ის სტიპენდიატ გიორგი ფაჩუაშვილს დაუკავშირდა, რომელიც 2023 წელსაც, საქართველოში ყოფნის დროს, პირველად ინიციირებული რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის აქციების მონაწილე იყო.

„როგორც კი გამოაცხადეს, რომ ამ კანონის მიღებას ისევ აპირებდნენ, პროტესტის გრძნობაც განახლდა. არამარტო მე, ბევრს გვინდოდა, რომ აქედანაც გაგვეკეთებინა რამე. DAAD-ის სტიპენდიატებმა განცხადებაც გავავრცელეთ და დავგმეთ რუსული კანონი. მერე გავიგეთ, რომ კობახიძე ბერლინში ჩამოდიოდა და ძალიან სპონტანურად დავგეგმეთ აქცია.

კანონპროექტის დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ ძალაუფლება გაიზარდონ. წაუკითხავად არ ვეძახი რუსულ კანონს. წაკითხული მაქვს. თითქმის ანალოგიურია, რაც იყო შარშან. ეხება პრობლემას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. სახელმწიფო თავადვე ბეგრავს არასამთავრობოების გრანტებს. ძალიან კარგად იციან მათი ყველა შემოსავალი, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მისდის ნაწილი.

პუტინმაც ამიტომ მიიღო ეს კანონი, რომ არასამთავრობოები და მედია გაეჩუმებინა.

ჩვენზე ადრე მისული დაგვხვდა კობახიძის რამდენიმე მხარდამჭერი. რისთვის ხართ აქ-მეთქი, რომ ვკითხე, პოლიტიკაზე ლაპარაკი არ გვინდაო. მერე მოვიდნენ ჩვენთან, უხეშად გვესაუბრებოდნენ და პროვოკაციაზე სცადეს წამოგება, მაგრამ მშვიდად დავხვდით. კობახიძე რომ უნდა გამოსულიყო, ხან „ირაკლის“ ყვიროდნენ, ხან „საქართველოს“.

კობახიძეს, მინიმუმ, ჩვენი ხმაც გავაგონეთ. ღიმილი კი ჰქონდა სახეზე, მაგრამ, მგონი, სიმწრისა იყო“, — ამბობს გიორგი ფაჩუაშვილი.


„ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია პირობა, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მისცა და ე.წ. რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა.

რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი