საზოგადოება

“ოცნებამ” “რუსული კანონი” პარლამენტში დაარეგისტრირა

3 აპრილი, 2024 • 858
“ოცნებამ” “რუსული კანონი” პარლამენტში დაარეგისტრირა

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დააინიციირა ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კანონპროექტის განხილვის თარიღები ჯერჯერობით განსაზღვრული არაა, თუმცა ცნობილია, რომ საკითხზე მმართველი გუნდის სპიკერები არიან  მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და გივი მიქანაძე.

კანონპროექტი შარშან მმართველი გუნდის მხრიდან ჯერ ინიციირებული და შემდეგ ჩაგდებული ტექსტის მსგავსია. მთავარი განსხვავება ტერმინშია, “უცხოური გავლენის აგენტის” ნაცვლად,  ახლა ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების 20%-იც უცხოეთიდან მოდის, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” ფორმდება. შემდგომში მან თავად უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას რეგისტრაციისთვის, შემდეგ კი ყოველწლიურად წარადგინოს ფინანსური დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება.

იუსტიციის სამინისტროს ახალ კანონპროექტშიც აქვს მონიტორინგის განხორციელების მექანიზმი, რათა დაადგინოს, ხომ არ ცდილობენ ორგანიზაციები რეგისტრაციიდან თავის არიდებას. კვლავაც შენარჩუნებულია დასმენის მექანიზმიც, როცა მოქალაქეს შეუძლია, ესა თუ ის ორგანიზაცია დაასმინოს, რომ ის უცხოეთიდან იღებს გრანტს,

3 აპრილს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას აპირებს.

მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული. მისი თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი