საზოგადოება

შოლცი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, არ მიიღოს “რუსული კანონი”

12 აპრილი, 2024 • 1074
შოლცი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, არ მიიღოს “რუსული კანონი”

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა,  გაითვალისწინოს ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიცია და არ მიიღოს ე.წ. რუსული კანონი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოში ეს კანონი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა.

“ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს. მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის მიღება შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. კანონპროექტი არ შეცვლილა, ფაქტობრივად იგივეა, რაც  შარშან იყო. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას და არ მიიღებს ამ კანონს. ჩვენს საუბარში [ირაკლი კობახიძესთან] კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ასევე, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისათვის”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა გაიხსენა, რომ 2023 წელს გერმანიამ მხარი დაუჭირა, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით თქვა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი.

პრესკონფერენციაზე პირველი კითხვა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა, ქეთევნ ქარდავამ დასვა. მან გერმანიის კანცლერს შეახსენა ამავე პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მსგავს კანონი ევროკომისიასაც აქვს ინიციირებული და “იგივე ან მსგავსი კანონი” ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ოლაფ შოლცს ჰკითხა, რატომ არიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული იმით, იგივე ან მსგავს რეგულაციებს საქართველოც თუ შემოიღებს.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ იმ კანონის მსგავსი, რომლის მიღებასაც საქართველოში “ქართული ოცნება” უკვე მეორედ ცდილობს, არ მოქმედებს ევროკავშირში,

“ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი [ეს საკითხი]”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა და დაამატა, რომ [მსგავსი] რეგულაცია მიღებული ჰქონდა უნგრეთს, თუმცა ევროპულმა სასამართლომ გააუქმა.

ირაკლი კობახიძე დღეს, 12 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვია. ოლაფ შოლცთან შეხვედრის გარდა დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრები, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი