საზოგადოება

ქოჩორაშვილის მამა: ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია და სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ის შეუცვლელია

10 აპრილი, 2024 •
ქოჩორაშვილის მამა: ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია და სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ის შეუცვლელია

“ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილი აკეთებს.

მანამდე როინ ქოჩორაშვილმა ასევე დაწერა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია და გააზიარა ბავშვის, სავარაუდოდ, შვილიშვილის ფოტო რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული მარშიდან, რომელიც 9 აპრილს გაიმართა.

როინ ქოჩორაშვილამდე იგივე ფოტო გიორგი ქოჩორაშვილმაც გააზიარა ინსტაგრამზე, თუმცა შემდეგ მისი ანგარიში ამ სოცქსელში წაიშალა.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს — ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია-მსვლელობა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

აქციაში მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებას, რომლის მიღებაზე „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი პროტესტის შემდეგ ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში უარი თქვა.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი