ახალი ამბებიკომენტარი

„ჩვენ, ქართველ ხალხს ვინ უნდა ჩაგვიგდოს ენა, ხელისუფლებამ?“ – ლადო აფხაზავა რუსულ კანონზე

8 აპრილი, 2024 • 2703
„ჩვენ, ქართველ ხალხს ვინ უნდა ჩაგვიგდოს ენა, ხელისუფლებამ?“ – ლადო აფხაზავა რუსულ კანონზე

„სამარცხვინოა ქვეყნის ხელისუფლება ამას აკეთებდეს. გაოცებული ვარ. კიდევ მეოთხე ვადით, კაცო, კიდევ მეოთხე ვადით?! – დიახ, მეოთხე ვადისთვის ხდება ეს. როგორც ჩანს, მათი კვლევები აჩვენებს, რომ შეიძლება იმ პროცენტებით ვერ გაიმარჯვონ არჩევნებში, მეოთხე ვადა რომ გაახანგრძლივონ.

ასე მოიქცა პუტინი, ის 30 წელია უკვე ხელისუფლებაშია და როცა ძალიან გაუჭირდა, ეს კანონი შემოაგორა. ყველაფერი ასე დაიწყო, რომ თითქოს მარტო სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ეხებოდა“, – ასე ხსნის პედაგოგი ლადო აფხაზავა რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილებას.

კითხვაზე, რატომ შეხება ეს კანონი არამხოლოდ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ის პასუხობს:

„ხელისუფლებას ხელში ვუგდებთ იმ იარაღს, რომელიც მარტო მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას კი არა, ნებისმიერს შეიძლება შეეხოს. ადამიანებს ცხოვრებაში ხანდახან რაღაც არ მოგვწონს და აი, ამის გაპროტესტების უფლებასაც აღარ გვაძლევს ეს კანონი.  შემდეგ უცებ შეიძლება თქვან, რომ შენ ხარ უცხო ქვეყნის გავლენის ადამიანი, აქედან გამომდინარე, კარგი არაფერი ხდება.

ეს კანონი ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც აქამდე გვეხმარება, უამრავი სკოლა აგვიშენეს, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურა შექმნეს, სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში გვეხმარებიან.

სწორედ იმ ქვეყნებზეა გაწერილი, რომ თუ შენ რაღაც მიიღე გრანტის სახით, რადგან ბრიტანულია, ესპანურია ან შვედურია, ამ შემთხვევაში ხარ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გამოცხადებული. ეს ძალიან ცუდია.

ეს გვიკეტავს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, თვითონ კი [„ოცნება“] იხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნის ვადას. ხალხს ჰგონია, რომ ვიღაც სამოქალაქო საზოგადოება ბევრ ფულს იღებს… ყველაფერი გამჭვირვალეა მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაშიც. დაწყებითი კლასელებიც არ თამაშობენ ასე.

ერთი მხარე ამბობს, რომ ამას სჭირდება გამჭვირვალობა, მეორე მხარე კიდევ… ერთმანეთის პოსტერებით გამოძახილ-გადაძახილია.“

ლადო აფხაზავა აქცენტს აკეთებს იმაზეც, თუ როგორ შეეხეო რუსეთში ეს კანონი მათ ოჯახის წევრებსაც, რომლებიც თავის დროზე მის მიღებას ემხრობოდნენ:

 „ის რუსები, რომლებიც ამას არ აპროტესტებდნენ, მათი შვილები რომ გავიდნენ ომის გასაპროტესტებლად, ხომ გამოაცხადეს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, უკვე ყველას შეეხეო რუსეთში, ყველას ენა აქვს ჩავარდნილი. ჩვენ, ქართველ ხალს, ვინ უნდა ჩაგვიგდოს ენა, ხელისუფლებამ, რომელსაც ვანდობთ ქვეყანას და ვეუბნებით, რომ მართე ისე, რომ ხეირი გვქონდეს ჩვენ და დაქირავებული ვისაც გვყავს…

ეს რას უდრის, იცით? დაიქირაო სახლის დამლაგებელი და იმან რომ გიბრძანოს, ახლა ჩქარა სახლი დაალაგე, თეფშები გარეცხეო… და ფული კიდევ იქით უნდა გადაუხადო, აი, ამას ჰგავს.“

  • მოატყუა თუ არა ხელისუფლებამ ხალხი, როცა ერთხელ გაწვეული პროექტი უკან დააბრუნა?

„გაიწვია ერთხელ, მაგრამ ისევ შემოაგორა იმიტომ, რომ დარწმუნდნენ, რომ თუ ამ კანონს არ მიიღებენ, მათი ხელისუფლებაში ყოფნა უკვე აღარ იქნება, იმიტომ, რომ უკვე რეიტინგიც დაუვარდათ და ერთადერთი, რაც ამწუთას გადაარჩენს მაგათ, ეს კანონია.

თუ მიიღებენ, რჩებიან ხელისუფლებაში და რჩებიან ძალიან დიდხანს, ამიტომაც არის, მდინარაძე რომ იძახის, რომ წინაზე გაგივიდათ, მაგრამ ახლა მაინც გავიტანთო. სხვა გზა არ დარჩათ. ხალხს ასე ხავსმოჭიდებული ხელისუფლება რაში სჭირდება, რომლებიც ერთი კანონის იმედად არიან დარჩენილები, ამ დროს თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს კარგ ცხოვრებას აკარგვინებენ.

ლადო აფხაზავა „ოცნების“ ქცევას განწირულის ბრძოლას ადარებს:

„გვითხრეს კიდევაც, რომ აღარასოდეს აღარ შემოვიდოდა ეს კანონი პარლამენტში, მაგრამ მიხვდნენ, რომ ამ კანონის გარეშე ვერაფერს გახდებიან, ეს კანონი თუ არ მიიღეს ახლა, იციან, რომ წააგებენ.

ახლა ყველაფერზე წავლენ. მე, პირადად, მზად ვარ ამ კანონს შევეწირო. აი, ასეა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, შეეწირება ხალხი ამ კანონს, სხვა გამოსავალი არა აქვთ.

როდესაც უკვე განწირულია ადამიანი, ყველაფერს ეკიდება, ყველა რესურსს მოჰკიდებს ხელს. ხავსს მოჭიდება. აბა, რას ნიშნავს? – ხავსი არის ყველაზე პატარა რამ, რასაც შეიძლება მოეჭიდო. ასეთ მდგომარეობაში არიან.

თანავუგრძნობ, რომ ასე არიან, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა, მათ ხელისუფლებაში დარჩენას ქვეყანა არ უნდა გადააყოლონ. უნდა ეყოთ ღირსება, სახელმწიფო მოაზროვნე ადამიანებად დარჩნენ და თუ აღარ აქვთ მეოთხედ გაგრძელების შანსი, დათმონ ხელისუფლება, ღირსეული ადამიანები ასე იქცევიან.

მე ძალიან ბევრი სამსახური დავკარგე, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, ვაიმე, ჩემ მერე რა ეშველება ამ სამსახურს. ყველაფერს ეშველება, მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ ქართველ ხალხს სჭირდება ცვლილებები და აუცილებელია ცვლილებები. შეიძლება ამ ცვლილების შემდეგაც არ გაგვიმართლოს, მაგრამ მაინც ცვლილებები ჯობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი