ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

ღვიძლის გადანერგვის შედეგად დაღუპული პაციენტების გამო “ლანცეტს” უჩივიან

18 ნოემბერი, 2016 • 5481
ღვიძლის გადანერგვის შედეგად დაღუპული პაციენტების გამო “ლანცეტს” უჩივიან

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კლინიკა “ლანცეტს” სასამართლოში უჩივლა, ხოლო უახლოეს დღეებში პროკურატურასაც მიმართავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი და ადვოკატი ნესტან ლონდარიძე კლინიკაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად დაღუპული მოქალაქეების შესახებ საუბრობენ.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ისინი შეშფოთებული არიან “დარღვევების იმ კასკადით”, რამაც, მათი თქმით, კლინიკა “ლანცეტში” მოთავსებული მოქალაქეების სიკვდილი გამოიწვია.

“საავადმყოფოში შეყვანიდან მოქალაქეთა გარდაცვალებამდე ჩატარებული მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციების მთელი ისტორია წარმოებულია კანონნდებლობის სრული უგულებელყოფით, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც ადასტურებს. ექიმებს, რომლებმაც ჩაატარეს ოპერაცია, არ ჰქონდათ ლიცენზია, რაც ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის არის საჭირო,” – ამბობს ცქიტიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კლინიკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მოქალაქე გიორგი ჩუბინიძის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით 16 ნოემბერს შეიტანა.

როგორც HRIDC-ის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, 2016 წლის 12 თებერვალს გიორგი ჩუბინიძემ კლინიკა “ლანცეტს” ღვიძლის პრობლემით მიმართა, სადაც უფასო კონსულტაციებს უცხოლი ექიმები ატარებდნენ.

ნესტან ლონდარიძის თქმით, ღვიძლის პრობლემა გიორგი ჩუბინიძეს 7 წელიწადი აწუხებდა. ადვოკატის ინფორმაციით, 2014 წელს გიორგის ესპანეთში ჩაუტარდა სრულყოფილი გამოკვლევები და დაუდგინდა ღვიძლის ცეროზი:

“განმეორებით გამოკვლევებზე ესპანეთში ჩავიდა 2015 წელს. ვინაიდან ამ დროის განმავლობაში არანაირი სამედიცინო ჩარევა აღარ იყო საჭირო. კლინიკა “ლანცეტში” კი ექიმები არწმუნებდნენ, რომ ფიქრისა და ესპანეთში კიდევ ერთხელ გადაფრენის დრო აღარ ჰქონდა, რადგან აუცილებელი იყო სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.”

ლონდარიძის განცხადებით, ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხა, კერძოდ კი, 40 ათასი აშშ დოლარი არ ჰქონდა, მაგრამ კლინიკაში განუმარტეს, რომ მათ “შეღავათს გაუკეთებდნენ”.

“2016 წლის 7 მარტს გიორგი ჩუბინიძეს სანოტარო წესით გააფორმებინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ მან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა, რომ ნამდვილად აქვს გიორგი ჩუბინიძეს ვალი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის აღიარების ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული კლინიკა “ლანცეტი” და არც ვალის დანიშნულება: არ არის აღნიშნული, რომ გიორგი არჩვაძე, ვის სახელზეც არის ვალის ხელშეკრულება, კლინიკის თანამშრომელია. გაუგებარია, რატომ დასჭირდა კლინიკას მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება,” – ამბობს ადვოკატი.

ალეკო ცქიტიშვილი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ დეტალზე, რომელიც მისი თქმით, ასევე საინტერესოა ამ საქმეში: პალატაში შეყვანილ გიორგი ჩუბინიძეს “სასწრაფო ოპერაციისთვის” გადასხმის აპარატი მოუხსნეს და 22:00 საათზე ნოტარიუსთან გადაიყვანეს სესხის გასაფორმებლად. დილით კი ჩაუტარეს ოპერაცია. ღვიძლის ოპერაციიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გართულდა, დაეწყო სისხლდენა და შეუშუპდა სახე, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.”

HRIDC-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ოპერაციამდე გიორგი ჩუბინიძეს ძვირადღირებული ანალიზებიც ააღებინეს, რამდენიმე ნიმუში გერმანიაშიც გადაგზავნეს, მაგრამ პასუხებს არ დაელოდნენ. მისი თქმით, ექიმმა ამაზე აღნიშნა, რომ საჭირო არ იყო ანალიზის პასუხისთვის დალოდება.

გიორგი ჩუბინიძის ოჯახი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს იურიდიულ დახმარებას, კლინიკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მათ ორგანიზაციას ასევე მიმართა კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომლის მეუღლეც ამავე კლინიკაში ტრანსპლანტაციისას დაიღუპა. მისი თქმით, ამ საქმეზეც უკვე დაწყებულია სამართალწარმოება, უახლოეს ხანებში მომზადდება სარჩელი და წარედგინება სასამართლოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ კლინიკა “ლანცეტის” საქმიანობა და პასუხისმგევლობა დაეკისროს არა მხოლოდ იმ ექიმებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროცესში, არამედ მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ბოლო პერიოდში არაერთხელ განმეორდა მსგავსი ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, სამედიცინო პერსონალს სამუდამოდ ჩამოერთვას საქმიანობის ლიცენზია, ხოლო კლინიკა “ლანცეტს” აეკრძალოს ტრანსპლანტაციის წარმოება.

სამედიცინო ცენტრი “ლანცეტი” 2014 წლის 12 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მას შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნებართვით, ცენტრში სრულდებოდა ურთულესი ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით: ორგანოთა ტრანსპლატაცია, გულსისხლძარღვთა სისტემა, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თორაკო-აბდომინური ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია და სხვა.

ნეტგაზეთი “ლანცეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ კლინიკაში მთლიანად არის მენეჯმენტი შეცვლილი, ხოლო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური საბჭო იკვლევს:

“მთლიანად ახალი მენეჯმენტია მოსული, რომელიც არაფერ შუაშია. ჩვენ არ ვართ საქმის კურსში. ამ საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური საბჭო იკვლევს. მოკვლევის მერე ყველაფერი, ყველა ინფორმაცია ყველასთვის გახდება ცნობილი.”

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანებით, კლინიკა “ლანცეტს” ორგანოებისა და ქსოვილების აღება, ასევე მისი შენახვა და გადანერგვა უკვე აკრძალული აქვს. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სააგენტომ ნეტგაზეთს გამოუგზავნა, ბრძანების საფუძველს იძლევა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის ნ. ხუციშვილის მოხსენებითი ბარათი.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ "ლანცეტს" ტრანსპლანტაციის წარმოება შეუჩერა. დოკუმენტი ნეტგაზეთს სააგენტომ მოაწოდა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ “ლანცეტს” ტრანსპლანტაციის წარმოება შეუჩერა. დოკუმენტი ნეტგაზეთს სააგენტომ მოაწოდა.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, კლინიკისთვის ტრანსპლანტაციისას ოპერაციების აკრძალვით, ფაქტობრივად, მათი ერთ–ერთი მოთხოვნა უკვე შესრულებულია, თუმცა ამით საქმე არ მთავრდება და სასამართლოს ჯერ კიდევ მთელი რიგი დეტალები აქვს დასადგენი.

ღვიძლის გადანერგვა

საერთაშორისო სამედიცინო გამოცემის Healthline–ის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვა არის მკურნალობის უკიდურესი ღონისძიება. ტრანსპლანტაციით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მაშინ, როდესაც ღვიძლი აღარ მუშაობს. ტრასპლანტაციული ჩარევით ორგანიზმიდან იღებენ უფუნქციო ღვიძლს და მას ჯანსაღი დონორული ღვიძლით ანაცვლებენ. ჯანსაღი ღვიძლი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ორგანიზმია, რადგან მისი საშუალებით ხდება საკვების განაწილება და ტოქსინების მოხსნა. ღვიძლის ციროზი და ღვიძლის დაზიანება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ზდასრულ ადამიანებს ღვიძლის გადანერგვა უწევთ. ღვიძლის მწვავე დაზიანებას ასევე იწვევს ალკოჰოლი, ქრონიკული ჰეპატიტი და კიბო.

რისკები

როგორც Healthline–ზე ვკითხულობთ, ამ ოპერაციის ყველაზე დიდი რისკი უკმარისობაა. შესაძლოა, ადამიანის სხეული ვერ შეეგუოს ახალ ღვიძლის, რასაც ხშირად მიზეზთა გამო ექიმები ვერ განსაზღვრავენ. ღვიძლის გადანერგვისას ასევე არსებობს ინფიცირების მაღალი რისკი, რის გამოც პაციენტი ოპერაციის შემდეგ ყურადღებით უნდა იყოს და მოერიდოს სახლში დაავადებებს. სხვა გრძელვადიანი გართულებებია წონაში მომატება, ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), ოსტეოპოროზი (ძვლების ფოროვნების მომატება), დიაბეტი, კანისა და სხვა სახის სიმსივნეები.

გადარჩენის სტატისტიკა

Healthline–ის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვას შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა წარმატებული ოპერაციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია პაციენტს ახსოვდეს, რომ შეიძლება ეს არ იყოს სამუდამო. სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში პაციენტების 75% ღვიძლის გადანერგვის შემდეგ მინიმუმ ხუთი წელი ცხოვრობენ. ზოგჯერ ღვიძლის ოპერაციამ შეიძლება ვერ გაამართლოს,  ან ისევ დაავადდეს. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტი ხანგრძლივი დროით ექიმის მონიტორინგის ქვეშ იყოს, რათა აღდგენის შემდეგ ნებისმიერი პოტენციური პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. ასევე, მნიშვნელოვანია, პაციენტმა ყურადღება მიაქციოს სისხლის ანალიზებს და გააკონტროლოს მედიკამენტების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი