ახალი ამბები

„რუსული კანონი“ იმ ორგანიზაციებსაც შეეხება, რომლებიც 2023 წელს იღებდნენ გრანტს

4 აპრილი, 2024 • 595
„რუსული კანონი“ იმ ორგანიზაციებსაც შეეხება, რომლებიც 2023 წელს იღებდნენ გრანტს

„რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ 2023 წლის მონაცემების მიხედვით დარეგისტრირდება.

„ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი.“

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, რადგან, ავტორთა თქმით, „საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის არსებობა“. ამასთან, საჯარო რეესტრის სააგენტოს წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს და მოითხოვოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება სუბიექტმა, რომელიც „2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს“.

„ამ ნორმის არსებობა საჭიროა, რადგან მისი არარსებობის შემთხვევაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულება არ გავრცელდებოდა იმ სუბიექტებზე, რომლებიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებენ კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს“, — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დააინიციირა ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

“ოცნებამ” “რუსული კანონი” პარლამენტში დაარეგისტრირა

მასალების გადაბეჭდვის წესი