ახალი ამბები

არ მოტყუვდე, ფაქტების გადამოწმება უკვე ძალიან მარტივია – მითების დეტექტორის ჩატბოტი

2 აპრილი, 2024 • 858
არ მოტყუვდე, ფაქტების გადამოწმება უკვე ძალიან მარტივია – მითების დეტექტორის ჩატბოტი

პირველ აპრილს თუ მოგატყუეს, 2 აპრილს „ფაქტჩეკინგის“ ანუ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო დღეა და „მითების დეტექტორი“ შესაძლებლობას გაძლევს ინფორმაცია კიდევ უფრო მარტივად და ეფექტურად, ინოვაციური ტელეგრამ ჩატბოტის – @MYTHDETECTOR_BOT-ის მეშვეობით გადაამოწმო.

„დიდი რაოდენობის მონაცემების პირობებში, როდესაც ადამიანებს უჭირთ გაფილტრონ ან გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც სოციალურ ქსელებში აწყდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება იმისთვის, რომ გამარტივდეს ეს პროცესი”,ამბობს თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი. სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყანა გააერთიანა ყალბ ინფორმაციასთან თანამედროვე ტექნოლოგიებით საბრძოლველად.

  • რა არის და როგორ მუშაობს ჩატბოტი @MYTHDETECTOR_BOT-ი 

„დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ“, – ალბათ ყველას გვახსოვს პანდემიის დროს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ეს კომენტარი, თავისი დედის მიერ გაზიარებულ ყალბი ინფორმაციის შემცველ პოსტზე.

დაგვეთანხმებით, ყველას გვქონია მსგავსი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ახლობლები სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას შეჰყავს შეცდომაში და მათი გამავრცელებლები ხდებიან. სამწუხაროდ, შეუძლებელია ყოველთვის ისეთი ოპერატიული რეაქცია გვქონდეს, როგორც მაშინ პაატა იმნაძეს ჰქონდა.

საბედნიეროდ, არსებობენ ფაქტების გადამმოწმებლები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა მტკიცება შეამოწმონ და დაადგინონ რამდენად წარმოადგენენ ისინი სიმართლეს. ასეთი გადამმოწმებლებით დაკომპლექტებულმა „მითების დეტექტორის გუნდმა“ წლების განმავლობაში არაერთი ტყუილი ამხილა და დამახინჯებულ სიმართლეს ახადა ფარდა.

თუმცა ყალბი ინფორმაციის გავრცელების მეთოდები და სიჩქარე იხვეწება და მათ გადამმოწმებლებსაც სჭირდებათ ახალი ინსტრუმენტები.

სწორედ ასე გაჩნდა მითების დეტექტორის ბოტი, რომელიც პროცესს უფრო დახვეწილს და მარტივს გახდის.

ეს მარტივი ტელეგრამ ბოტია, რომელსაც შეუძლია სამ ენაზე – ქართულად, ინგლისურად და რუსულად გადაგიმოწმოთ საინტერესო ინფორმაცია, ამისთვის თქვენ მას მხოლოდ ფოტო, ლინკი, ტექსტი ან აუდიო ფაილი უნდა გაუგზავნოთ.

ბოტი „მითების დეტექტორის“ ვრცელ ბაზაში, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეამოწმებს თუ იძებნება ინფორმაცია ამის შესახებ და თუ აღმოჩნდება, რომ ის ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ „ფაქტჩეკერებს“, მათ შესამოწმებლად გაუგზავნის. ხოლო საგულდაგულო შემოწმების შემდეგ შეტყობინებას ისევ ჩატში გამოგიგზავნით.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი სალომე გიუნაშვილი გვიყვება, თუ როგორ იმუშავებს ჩატბოტის ეს ფუნქცია:

„პირველ რიგში ეს ფაქტჩეკერებისთვის იქნება დამატებითი ხელსაწყო, ახალგავრცელებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. ხოლო მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა ძალიან მარტივად, მოქნილად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ საეჭვო მტკიცებებზე, რასაც იმ მომენტში სქროლვისას წააწყდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მაგალითად, გააკეთონ სქრინშოთი ან ჩამოტვირთონ ფოტო, ვიდეო, ან ლინკი გამოგვიგზავნონ, თუნდაც ის აუდიო ფაილი გადმოამისამართონ, რომელიც მათ პირად ჩატში გაუგზავნეს“.

ჩატბოტთან დაკავშირებით პროცესი ნახევრადავტომატიზებულია. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ გამოგზავნილი ვიზუალის, ტექსტის თუ ხმის მონაცემთა ბაზასთან შედარება. ხოლო თავად ფაქტებს ჩვენი სპეციალისტები ამოწმებენ“.

როგორც სალომე გვიყვება, ჩატბოტის შესაძლებლობები ამით არ იწურება, მას ასევე შეუძლია წამებში მოგცეთ წვდომა იმ მნიშვნელოვან მედიაწიგნიერების რესურსებზე – სტატიებზე, თამაშებსა და ვიზუალზე, რაც „მედიის განვითარების ფონდსა“ და „მითების დეტექტორს“ წლების განმავლობაში შეუქმნია და ქმნის.

„ჩატბოტი საინტერესო და მიმზიდველი იქნება ასევე მკვლევრების ან იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს დეზინფორმაცია და მისი გავრცელების დინამიკა. მათ და არამარტო, შეგიძლიათ ჩატბოტის მეშვეობით გამოიწერონ კვირის დაიჯესტი და ყოველკვირეულად მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა იყო კვირის განმავლობაში ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებული დეზინფორმაციული ცნობები.

ეს ფუნქცია ჟურნალისტებისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ავტომატიზებული პროცესია და კვირის განმავლობაში ის ინფორმაცია, რაც „მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა, ასე თავმოყრილი, ერთად, მარტივად, თქვენს ტელეფონზე მოგივათ ტელეგრამ ჩატბოტის გამოყენებით,”გვიხსნის „მითების დეტექტორის“ ბოტის კიდევ ერთ ფუნქციას „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი

  • რისთვის გაერთიანდნენ ფაქტჩეკერები შვიდი ქვეყნიდან

პროექტში, რომელსაც „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) ესპანურ ორგანიზაციასთან Maldita.es პარტნიორობით ახორციელებს, საქართველოს გარდა კიდე ექვსი ქვეყნის – უკრაინა, ლიეტუვა, არგენტინა, ვენესუელა, კოლუმბია და მექსიკა – ფაქტების გადამოწმების პლატფორმაა ჩართული. „პროექტი არის მასშტაბური, რადგან ერთდროულად სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება და იმედი გვაქვს, რომ მონაცემები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში იპოვიან და გაგვიზიარებენ, დაგვანახებს ფართო სურათს, თუ როგორ ხდება იდენტური ყალბი ნაკადის გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებში“, – ამბობს „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი.

MDF-ის მკვლევარი, სალომე გიუნაშვილი ამბობს, რომ პროექტის კვლევითი ნაწილი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ გაერთიანებულ კოლეგებს ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შესაძლებლობას მისცემს შექმნან კომბინირებული ქსელი, საერთო მონაცემების ბაზა და მომხმარებლების მიერ შეტყობინებული ინფორმაციის ერთმანეთთან შედარებით რუსული დეზინფორმაციის ოპერირების ხაზებს მიაკვლიონ:

„კვლევა გვაჩვენებს რამდენად შეიძლება ვისაუბროთ რუსული დეზინფორმაციის ფუნქციონირებაზე ერთნაირი მეთოდებით აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში და ლათინურ ამერიკაში: არსებობს თუ არა რაიმე მსგავსება მათ შორის.

ასე მოვახერხებთ მკითხველს შევთავაზოთ რუსული დეზინფორმაციის ფართო კვლევა საზღვარს მიღმა,” – ამბობს სალომე და იქვე დასძენს, რომ კვლევების ანგარიშები პერიოდულად გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. 

  • როგორ ებრძვიან ფაქტების გადამმოწმებლები ყალბ ინფორმაციას

2 აპრილი ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო დღედ ოფიციალურად 2016 წელს, „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელისა“ და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის თანამშრომლობით გამოცხადდა. იგი პირველად 2017 წელს აღნიშნა.

თუმცა ყალბი ინფორმაცია და მასთან ბრძოლა საუკუნეებს ითვლის. ყალბი და დამახინჯებული ინფორმაცია ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, არჩევნებზე გავლენის მოხდენის, უცხო სახელმწიფოების, კერძო ბიზნესებისა და სხვა ინსტიტუტების ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის გამოიყენება. მათ შორის ყალბ ინფორმაციას იყენებენ ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის დეჰუმანიზებისათვის, რათა მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას პროტესტი არ მოჰყვეს.

უახლესი წარსულის მაგალითს თუ გავიხსენებთ, პანდემიის დროს გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ადამიანის სიცოცხლეც კი შეუწირავს.

„მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარს ვკითხეთ, როგორ იცვლება ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და მასთან ბრძოლის მეთოდები და რა მიზნები და გეგმები აქვს ორგანიზაციას ამ მიმართულებით:

ბუნებრივია, ტრანსფორმირებადია საინფორმაციო სივრცე, შესაბამისად ის დეზინფორმაციული მტკიცებები, რაც ამ საინფორმაციო სივრცეში ხვდება, ასევე ევოლუციას განიცდის. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დეზინფორმაციული მტკიცებების თუნდაც ვიზუალური ან შინაარსობრივი მხარე ძალიან არის შეცვლილი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი სამომავლო გეგმებიც, ბუნებრივია, იხვეწება.

ჩვენი მიზანი არის ორი: ერთი, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ ჩვენს მკითხველს, მათთვის გასაგებად, სწრაფად, მათი ინტერესების გათვალისწინებით მივაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულ დეზინფორმაციულ მტკიცებებზე და მეორე – გავაღრმაოთ კავშირები მათსა და ჩვენს შორის და მოვერგოთ მათ ინტერესებს ან საჭიროებებს.

შესაბამისად, ეს ჩატბოტიც ამის გამოვლინებაა. ჩვენ იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ჩატბოტი პოპულარული იქნება მომხმარებლებში, იმდენად რამდენადაც მაქსიმალურად გამარტივებულია, როგორც მისი ინტერფეისი და გამოყენება, ვიზუალიც და იმედი გვაქვს, რომ მომხმარებლები ძალიან აქტიურად გამოიყენებენ ყოველდღიურობაში“გვითხრა სალომე გიუნაშვილმა.


 

„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) ესპანურ ორგანიზაციასთან Maldita.es პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „აღმოსავლეთ ევროპის, ევრაზიისა და ლათინური ამერიკის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება კერძო შეტყობინებების აპლიკაციებში რეგიონთაშორის და გლობალურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.“ ინიციატივა შვიდ ორგანიზაციას აერთიანებს: პროექტში სამი ევროპული (საქართველო, უკრაინა და ლიეტუვა) და ოთხი ლათინური ამერიკის (არგენტინა, ვენესუელა, კოლუმბია და მექსიკა) ფაქტების გადამოწმების პლატფორმაა ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი