ახალი ამბები

ვაშინგტონის გამოხმაურება „ჰავანის სინდრომის“ შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე

2 აპრილი, 2024 • 632
ვაშინგტონის გამოხმაურება „ჰავანის სინდრომის“ შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე

ახალი ჟურნალისტური გამოძიების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს დაზვერვის დასკვნას, რომ „ჰავანის სინდრომი“ უცხოური ძალის ჩარევით არ არის განპირობებული.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გამოძიებაში მოყვანილ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

„ჩვენ პრაქტიკად ვაქციეთ, რომ არ დავადასტუროთ ან კომენტარი არ გავაკეთოთ კონკრეტულ ცნობებზე ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც ჩვენ გავაკეთეთ დაზარალებული თანამშრომლებისთვის არის ის, რომ კონგრესის მიერ მიღებული „ჰავანის აქტით“ დამატებით დახმარებას ვუწევთ დაზარალებულ თანამშრომლებს, მათ შორის, სამედიცინო დახმარების კომპენსაციის, სამხედრო ჰოსპიტლებში უფასო მოვლის ჩათვლით. ეს მოიცავს დახმარებას კარიერაში, თუ ისე დაზარალდნენ, რომ მაგალითად, სამსახურში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილან. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება რჩება სახელმწიფო მდივნის უმთავრეს პრიორიტეტად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დაზარალებულთა დასახმარებლად“, — განაცხადა მილერმა.

მილერმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიურო დარწმუნებულია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასების სისწორეში, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ჰავანის სინდრომს უცხოელი მოწინააღმდეგე იწვევდეს.

„2023 წლის მარტიდან დაზვერვის საზოგადოების საყოველთაო დასკვნაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ჯანმრთელობის ამ ანომალიურ ინციდენტებზე. ეს არის ის, რაც დაზვერვის საზოგადოებამ ინტენსიურად გამოიძია და აგრძელებს შესწავლას. ჩვენ შევაფასებთ ახალ ინფორმაციას დაზვერვის კოლეგებთან ერთად“, — განაცხადა მილერმა.

მილერმა კომენტარი არ გააკეთა არც „ჰავანის სინდრომის“ თბილისის შემთხვევაზე. რეგიონში რუსეთის ოპერაციების გამო კი შეშფოთება გამოთქვა.

„ჩვენ აშკარად შეშფოთებული ვართ დესტაბილიზაციის აქტით — რუსეთის ქმედებებით მთელ რეგიონში“, — განაცხადა მილერმა.

The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“, რის შესახებაც წლებია საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები, რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია და მისი ერთი შემთხვევა თბილისში, ამერიკელი დიპლომატის ოჯახშიც დაფიქსირდა.

ჟურნალისტური გამოძიება: თბილისში ამერიკელი დიპლომატის ცოლი ГРУ-ს თავდასხმის ობიექტი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი