თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ფერდი ჩამოიშალა, მიწის მასამ კი გზა ჩაანგრია. შემთხვევა გუშინ, 5 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ნგრევის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია გადაადგილებაც.
მრავალბინიან კორპუსს აშენებდა რაზმაძის ქუჩაზე მცხოვრებთა ამხანაგობა “რაზმაძე 54-56”. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაერთიანება 30 000 ლართ დააჯარიმა. გარდა ამისა, მას დაევალა დაზიანებული ფერდის აღდგენა.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის მშენებლობის პროექტი ერთხელ უკვე იყო დაკორექტირებული. ამჯერად ის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. კორპუსის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.