ახალი ამბები

ტრანსპორტის სააგენტოში ვაკანსიებია, ხელფასი 1862-დან – 3325 ლარამდე – კალაძე

17 იანვარი, 2024 • 3525
ტრანსპორტის სააგენტოში ვაკანსიებია, ხელფასი 1862-დან – 3325 ლარამდე – კალაძე

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ვაკანსიებია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრესკონფერენციისას განაცხადა. მან მოქალაქეებს, ვისაც “უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე”, შესთავაზა მიმართონ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს.

“სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლიათ, მიმართონ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგის სამსახურში დასაქმდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკანსიები მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციებზეა გამოცხადებული და ანაზღაურება 1862-დან 3325 ლარამდეა. პოზიციები სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. მათ შორის, საჯარიმო ქვითრების შედგენა, დაჯარიმებული ავტომობილების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, დაჯარიმებული ან საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი ავტომობილების შესახებ ცხელი ხაზით ინფორმაციის გაცემა, ამგვარი ინფორმაციების დამუშავება, სტატისტიკის წარმოება და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი