ახალი ამბები

გომელაურის თქმით, ღამით ყველგან ვერც ახალი ვერტმფრენი იფრენს

20 მარტი, 2024 •
გომელაურის თქმით, ღამით ყველგან ვერც ახალი ვერტმფრენი იფრენს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ღამით ყველგან ვერც ახალი ვერტმფრენი იფრენს.

ამის შესახებ მან დღეს, 20 მარტს, პარლამენტში „მინისტრის საათის“  ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ვერტმფრენი, რომელიც უწყებამ შეიძინა, ძველებთან შედარებით უფრო ახალი და მოქნილია.

„ამ ვერტმფრენებზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ერთი გადმოგვეცა, თუმცა ჯერ არ წამოსულა, ხვალ ან ზეგ დაიძვრება და რამდენიმე დღეში ჩამოვა პირველი საფრენი აპარატი. ეს არის ახალი საფრენი აპარატი და ბევრად კომფორტულია. თუმცა, „ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა და[რაჭაში] ყველას გადავარჩენდით“ — ეს არის სიცრუე. თუ გნებავთ, მოვიყვანოთ ამის ექსპერტები და აგიხსნათ, რომ ღამით ვერც ის ვერტმფრენი ვერ იფრენს. იგივე შეუძლიათ, რაც დღევანდელ ვერტმფრენებს, ვთქვათ, აფრინდეს ბათუმის აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში. იგივე პრობლემები აქვს ახალ ვერტმფრენსაც — ეს ვერტმფრენი ღამე ხეობაში ვერ მიფრინდება, ვერ დაჯდება და ვიღაცას ვერ წაიყვანს. ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა“, — განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, შოვის ტრაგედიის დროს რომ ახალი ვერტმფრენი ჰყოლოდათ, ღამით ჩაფრენას და სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანას მაინც ვერ შეძლებდნენ.

„არის სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც ომის დროს რისკავენ და ღონისძიებებს ატარებენ. არ შეიძლება ვერტმფრენის გამოყენება ღამე ხეობაში, მით უმეტეს, სადაც მაღალი ძაბვის ხაზები გადის. შეიძლება თქვათ, რომ ხომ არსებობს რუკები, მაგრამ ხეების რუკებს ვერავინ გააკეთებს.  ყაზბეგში რაც მოხდა, დღე იყო, მაგრამ ხალხი დაიღუპა. მით უმეტეს, ღამე უდიდესი პრობლემაა. შეიძლება გარეთ არ გასულა ეს [ინფორმაცია], მაგრამ როცა ხანძრები იყო, ბორჯომი-ხარაგაულის მიმართულებაზე ბეწვზე გადავრჩით, სახანძრო კალათა წამოედო ხეს შემთხვევით. ეს ხდება დღისით და არა ღამით. როგორ წარმოგიდგენიათ, რაჭაში, ღამით, 20 ბავშვი ჩაგვესვა და ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხომ იკითხავდით, ვინ გასცა სამშვიდობოს გამოყვანილი ბავშვების ვერტმფრენში ჩასმის ბრძანება?“ — განაცხადა გომელაურმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, Airbus Helicopters-ის თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენი გადაეცა. უწყების ცნობით, ევროპული ტიპის „H 145“ არის ფრანგული კომპანიის უახლესი მოდელი, რომელიც სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი