ახალი ამბები

შსს-ს გადაეცა ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი ვერტმფრენი

12 მარტი, 2024 • 962
შსს-ს გადაეცა ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი ვერტმფრენი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, Airbus Helicopters-ის თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენი გადაეცა. უწყების ცნობით, ევროპული ტიპის „H 145“ არის ფრანგული კომპანიის უახლესი მოდელი, რომელიც სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით:

„მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები“, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან.

შსს-ის თქმით, მფრინავების მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შსს-ს ცნობით, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი