ახალი ამბები

აშშ-ს თავს ესხმით, რადგან გეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და კრიტიკის – აქუბარდია „ოცნებას“

19 მარტი, 2024 • 398
აშშ-ს თავს ესხმით, რადგან გეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და კრიტიკის – აქუბარდია „ოცნებას“

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები აშშ-ს თავს ესხმიან, რადგან ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში.

ამის შესახებ მან დღეს, 19 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

აქუბარდიას თქმით, უმადურობაა ის, რასაც მმართველი გუნდი აშშ-თან დაკავშირებით აკეთებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეგახსენებთ, ერთი მხრივ, იმას, რომ პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი არ უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა, არც ამერიკა აღარ დაფრინავს რუსეთში, მაგრამ მეგობრობაც არ გესმით „ქართულ ოცნებაში“. ნამდვილი ქართული მეგობრობა იმიტომ, რომ უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ აშშ-თან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესს ემსახურება:

  • ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი – აშშ-ის მხარდამჭერი აქტი კანონით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არაღიარების პოლიტიკას ემსახურება.  განსხვავებით ჩინეთისგან, რომელთან ერთადაც ცდილობთ ერთ სიბრტყეში წარმოაჩინოთ;
  • დემოკრატია არის ასევე ჩვენი არჩეული გზა და  აშშ ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში;
  • ნატოში წევრობა, რომელიც, სამწუხაროდ, თქვენ ფარატინა ქაღალდად აქციეთ, ესეც საერთო ინტერესია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ნატოში არ მიჰყავს, რადგან არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გაატაროს და ამის მანიშნებელია ისიც, რომ ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

„გუშინ ირაკლი კობახიძეს ნატოს გენერალურ მდივანთან სიტყვა რომ არ დასცდენია წევრობაზე და პარტნიორობაზე ილაპარაკა, ისე როგორც ეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა გააკეთა, ესეც ამის მანიშნებელია, რომ თქვენ ქვეყანა ნატოში არ მიგყავთ. ისიც მანიშნებელია, აქ ვეტოს დაძლევას რომ აპირებთ და დემოკრატიის განხორციელებას არა და არც 9 რეკომენდაციის, რომელიც ანალოგიურად ნატოში წევრობისთვის არის საჭირო.

ასე ამაყად რომ ყოყლოჩინობთ, რომ ვეტოს დაძლევთ და მოერევით პრეზიდენტის ამ პოზიციას. ეს პრეზიდენტის პოზიცია არ არის, ეს ვენეციის კომისიის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, უდიერად საუბარი იმის შესახებ, რაც აშშ-ს საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით ამ წლების განმავლობაში გაუკეთებია, უმადურობაა.

„მთავარი საკითხი, რისთვისაც თქვენ თავს ესხმით აშშ-ს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, არის თქვენი შიში – ძალაუფლების დაკარგვის და კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აშშ იყო მათ შორის ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც შეაფასა უკანონოდ ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რაც თქვენს არჩეულ პრემიერს არ წამოსცდენია და ერთადერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა და მოუწოდა პარტნიორებს ამ არჩევნების დაგმობისკენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აშშ-ს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს.

„ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად – ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზე თავის დროზე განმარტება აქვს გაკეთებული აშშ-ის წინა ელჩს, კელი დეგნანს. მისი თქმით,

ამერიკის მხრიდან ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება არცთუ ისე გავრცელებული პრაქტიკაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამერიკას მთელ მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი და აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი