საზოგადოება

„ახალი“ ენმ-ზე, დაფინანსებაზე, კეზერაშვილსა და სხვა თემებზე

11 მარტი, 2024 • 2738
„ახალი“ ენმ-ზე, დაფინანსებაზე, კეზერაშვილსა და სხვა თემებზე

სამთვიანი — როგორც თვითონ ახასიათებენ — რთული კონსულტაციების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 11 მარტს გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

პარტიის სახელწოდებაა „ახალი“, ძირითადი ფერები – მწვანე, ნარინჯისფერი და თეთრი, საარჩევნო ნომერი — 4. ეს ნომერი ახალ გაერთიანებას ნიკა მაჭუტაძემ დაუთმო, რომლის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აღარ აპირებდა. იქნება თუ არა მაჭუტაძე „ახალის“ სიაში, ჯერჯერობით უცნობია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნომერ ოთხს შემოხაზავს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით, რომლებიც შესაძლოა, წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას. ჩვენ არ ვმუშაობთ ერთ ან ორ კონკრეტულ ელექტორალურ ველზე“, — აცხადებს ნიკა მელია და იმედოვნებს, რომ უკვე 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე „ახალი“ მთავარი ოპოზიციური პარტია გახდება.

პარტიის ხელმძღვანელობა

პარტია „ახალის“ სადამფუძნებლო ყრილობა აპრილში იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტიის თანათავმჯდომარეები იქნებიან.

„მაგრამ ამ პარტიის მთავარი ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს, იქნება პოლიტიკური საბჭო — პარტიის პარლამენტი“, — აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, როგორ დაკომპლექტება „პარტიული პარლამენტი“, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ჩვენ შეიძლება, ვართ ამ პარტიის ორი ლიდერი და ორი ნიკას პარტია დაერქვა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენთან არიან ძალიან წარმატებული, შემდგარი, ამბიციური ადამიანები. ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ ახალ ადამიანებს, რომლებმაც უნდა შეცვალონ არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, არამედ არსებული პოლიტიკური ელიტა, რომელიც უკვე მოძველდა“, — განაცხადა გვარამიამ.

პარტია „ახალში“ შედიან: საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძე და სხვები.

სხვებთან თანამშრომლობა

გვარამიას თქმით, ახალი არის ორი გუნდისგან შემდგარი ერთობა.

„ჩვენ მოგვწონს კოალიციურობა და სხვებსაც ველოდებით. მე ვარ ერთიანობისთვის — არა შემოერთებისთვის — და ვემხრობი ფართო ერთობას“, — თქვა გვარამიამ, თუმცა არ უპასუხა კითხვას, ამ ერთობაში მოიაზრებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძის „გირჩს — მეტი თავისუფლებისთვის“ და ელენე ხოშტარიას „დროას“.

დიდი ალბათობით, პარტია „ახალში“ შევლენ ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი. გვარამიამ მათთან „ახლო მეგობრობა“ და კონსულტაციები დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ მოვლენებს ვერ დაასწრებს.

ენმ-ის შესახებ

ნიკა მელიას თქმით, თუ ის რაიმესგან დისტანცირებულია, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩვენ არ ვაპირებთ ვამტკიცოთ, ვინ არ ვართ, ჩვენ ყველას დავანახებთ, ვინ ვართ“, — განაცხადა, თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ.

დეპუტატმა ანა წითლიძემ ენმ-დან ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „კლონობა“ 12 წლის განმავლობაში არავის გამოსვლია და არც „ახალი“ პარტიისგან აქვს ხმების წართმევის მოლოდინი.

„ქართული ოცნებისგანაც“ მოვისმინე ზუსტად იგივე ტექსტი. ჩვენ შეგვიძლია ეს ადამიანები ერთმანეთს დავუტოვოთ და იკამათონ, ვინ ვისი კლონია“, — თქვა საპასუხოდ ნიკა გვარამიამ.

ნიკა მელიამ სამწუხარო უწოდა „ახალი“ პარტიის შესახებ „ქართული ოცნების“ და ენმ-ის შეფასებების თანხვედრას.

დავით კეზერაშვილზე

მელიას და გვარამიას ჰკითხეს, როგორ შეთანხმდნენ „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილის საკითხზე — რომელსაც მელია ოლიგარქად მოიხსენიებდა, გვარამია კი მეგობრად და პარტნიორად მიიჩნევდა.

„გვარამიას არასდროს უთქვამს, რომ ის არის მისი პარტნიორი. წარსულში აკავშირებდა ურთიერთობა, ასე მეც კი მქონია მასთან ურთიერთობა. ჩვენ თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ესაა კეზერაშვილი. ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის. არაფერი არასდროს შეიცვლება მასთან დაკავშირებით. არაერთხელ ვურჩიე, რომ უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, თუ კეზერაშვილი დისტანცირდებოდა პოლიტიკისგან. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება. ამაზე არის სრული კონსენსუსი მთელ ჩვენს გუნდში“, — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა გვარამიას თქმით კი, დავით კეზერაშვილი არ ყოფილა განხილვის თემა და არც მომავალში იქნება.

„დავით კეზერაშვილს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული — მას ჰყავს პარტია, რომელსაც მხარს უჭერს, რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული (იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობა“), წარმატებას ვუსურვებ ყველას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ეს გზები არ იკვეთება და არც გადაიკვეთება“, — ამბობს გვარამია, თუმცა დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილის „გასაშვებად“ ყველა „დასაშვებ კავშირებზე თანახმაა“.

დაფინანსება

„დაფინანსება ვერ იქნება ვერაფრის სანაცვლოდ, შეიძლება იყოს მხოლოდ მხარდაჭერის ფორმით“, — ამბობს ნიკა გვარამია ახალი პარტიის დაფინანსების წყაროების შესახებ, რომელსაც ის არ ასახელებს:

„დაფინანსების წყაროებს ყველანი ნახავთ. გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება, აინტერესებს შინაარსი და დახმარება იმ პოლიტიკური ძალების, ვის აზრებსაც ისინი ემთხვევიან“.

ამ თემაზე:

ნიკა გვარამიამ მელიასთან ერთად ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართა

ნიკა მელია პარტია „ახალზე“: ეს იქნება სახალხო, მეინსტრიმული პარტია

მასალების გადაბეჭდვის წესი