ახალი ამბები

ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმმა ქვიარ თემატიკის წიგნის პრეზენტაციაზე უარი თქვა

5 მარტი, 2024 • 663
ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმმა ქვიარ თემატიკის წიგნის პრეზენტაციაზე უარი თქვა

„თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია“ მუზეუმმა, სადაც 6 მარტს უნდა გამართულიყო წიგნის —  „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ — პრეზენტაცია, „აბსურდული მიზეზებით” უარი თქვა ემასპინძლა ღონისძიებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს წიგნის გამომცემელი, „შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი”.

წიგნის გამომცემლების აზრით, გადაწყვეტილება უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან ე.წ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ჰომოფობიური კანონის განხილვის დაანონსებას და წიგნის გარშემო ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურებას .

წიგნის გამომცემელთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში
წლების წინ ძირი გამოუთხარა გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმას, ჩაახშო ყველა კრიტიკული ხმა, რომლის შედეგებსაც დღევანდელი რუსეთის სახით ვხედავთ.

„საქართველოში ამ კანონის შესახებ საუბრები გასული წლის მარტის მოვლენების შემდეგ დაიწყო, თუმცა წიგნის პრეზენტაციის დაანონსებიდან მალევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური პოლიტიკური ჯგუფები და სამთავრობო მედიები, რომლებიც ჯერ არგამოსულ წიგნს “აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის” მაგალითად ნათლავენ, რაც არა მხოლოდ პოპულისტური სიცრუეა, არამედ წიგნში მოყვანილი არტისტების, მათი ნამუშევრებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა“, — აღნიშულია „შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის“ 5 მარტის განცხადებში.

ამ მოვლენების ფონზე, როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორების ამბობენ, მათ მოულოდნელად დაუკავშირდა „თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედია მუზეუმის“ დირექტორი ნესტან ნიჟარაძე და აცნობა, რომ წიგნის პრეზენტაციის ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდა, შეუძლებელი იქნებოდა შენობის „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო“ და კატეგორიულად მოსთხოვა ღონისძიების ადგილის შეცვლა.

ეს მიზეზი კი ორგანიზატორისთვის არის არა მხოლოდ წარმოუდგენელი სიყალბე, „არამედ არის საგანგაშო სიგნალი, რაც ცალსახად გვანიშნებს, რომ ნაცვლად წინააღმდეგობისა და გამბედაობისა, რაც ყველაზე მეტად მოეთხოვება ასეთ დროს თავისუფალ სახელოვნებო ინსტიტუციას, სამწუხაროდ, ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი ყველა იმ იდეალის ღალატის ტოლფასია, რომელსაც წიგნში მოხმობილი არტისტები ატარებენ და ამაზე ხელის მოწერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“.

„მიგვაჩნია, რომ არც „აჭარა ჯგუფს“ და არც „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმს“ აღარ აქვთ უფლება, საზოგადოებას შემოქმედებით თავისუფლებაზე ელაპარაკონ და უსაფრთხო სივრცის სახელით პოზიციონირებდნენ. ჰომოფობიური ცენზურის ამოქმედებამდეც კი ცენზურის ქვეშ მოყოლილი სივრცე ვერ იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ღირებული სასიკეთო ცვლილებების შთამაგონებელი ადგილი.

სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ საჯარო სახელოვნებო ინსტიტუციებს მოგმართოთ თხოვნით, დაგვიდგეთ გვერდში და დაგვითმოთ სივრცე წიგნის პრეზენტაციისთვის, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ სახელოვნებო სივრცეში გაიმართოს“ ,— წერია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასტუმრო „სტამბამაც“. მათივე ცნობით, „სტამბაში“ მდებარე „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი“ არის დამოუკიდებელი ინსტიტუაცია და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე.

„აჭარა ჯგუფთან აღნიშნულ ღონისძიებაზე კომუნიკაცია აქამდე არ მომხდარა და ვინაიდან ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი ვერ ახერხებს ღონისძიების თავის სივრცეში ჩატარებას, Creative Collective Spectrum-ს ვთავაზობთ აჭარა ჯგუფის სახელოვნებო სივრცეს არტარეას ტერიტორიაზე. გვინდა აღვნიშნოთ, ჩვენი კომპანია მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სახელოვნებო კულტურის განვითარებაში“, — აცხადებს სასტუმრო „სტამბა“, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ ნაწილია.

განახლება: 

„თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმმა“ განცხადება გაავრცელა წიგნის პრეზენტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წიგნის საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაციის დღეს მუზეუმში უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხი დააყენა, რისი უზრუნველყოფის რესურსიც ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმს არ აქვს.

„მუზეუმი სამშენებლო ბლოკში მდებარეობს, სადაც ამჟამად მძიმე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს მასშტაბი შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების იმ ზომების უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლო რესკებისგან და აგრესიულად განწყობილი ჯგუფებისგან დაიცავდა პუბლიკას.

ამის შესახებ მუზეუმმა საინიციატივო ჯგუფს ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე აცნობა და განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მუზეუმი ვერ უმასპინძლებდა ღონისძიებას და ვერცერთ ვიზიტორს ვერ დააყენებდა თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. მითუმეტეს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე რადიკალური ჯგუფების მიერ გამოხატული აგრესიის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მათ შორის, ტრაგიკული დასასრულით“, — აცხადებს მუზეუმი.

მუზეუმი “ცის ფერის“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას „მანიპულაციას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამით „საერთო საქმე მხოლოდ ზარალდება“.

„მუზეუმი ეპატაჟის გარეშე გააგრძელებს თავის საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად განსხვავებული ჯგუფების ინტერესებს დაიცავს“, — აცხადებს „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი.“


გამოცემა „ცისფერი  ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“  ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს: როგორ ვლინდება გენდერული ფლუიდურობა და როგორია ქვიარ ნაკვალევი ხელოვნებაში, როგორ ვლინდება ის სხვადასხვა ათწლეულში და სხვადასხვა მედიუმში — გრაფიკა, ფერწერა, ფოტო, პერფორმანსი, ვიდეო თუ სხვა ვიზუალური პრაქტიკა.

ავანგარდული ხელოვნებიდან დღემდე, განსხვავებული პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული გარემოს და გამოწვევების პირობებში შექმნილი ნამუშევრების შესახებ სპეციალურად ამ კრებულისთვის დაწერილი მნიშვნელოვანი ავტორების ტექსტების მეშვეობით, წიგნი აერთიანებს ქვიარ ისტორიის ფრაგმენტებს — ვიზუალურ ამბებს ქვიარ გამოცდილებაზე, სქესსა და სექსუალობაზე, სხეულებსა და იდენტობებზე, სიყვარულსა და სურვილებზე, შიშებსა და ტკივილზე, თავისუფლებაზე და კავშირზე, რომელიც დროსთან ერთად იცვლებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი