ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს შეუნარჩუნდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება

5 მარტი, 2024 • 1039
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს შეუნარჩუნდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კოლორადოს შტატის გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს და გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

ტრამპს კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა გასული წლის დეკემბერში აუკრძალა. მიზეზად დასახელდა კონსტიტუციის მე-14 შესწორების დარღვევა, რაც აშშ-ის წინააღმდეგ აჯანყებას გულისხმობს. ამ მუხლის დამრღვევ პირს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ეს გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების – კაპიტოლიუმში შეჭრის – გამო მიიღეს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცალკეულ შტატებს არ აქვთ უფლება, პრეზიდენტის პრაიმერიზში მონაწილეობა ამ მიზეზით აუკრძალონ. CNN-ის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლო არ საუბრობს იმის შესახებ, ნამდვილად დაარღვია თუ არა ტრამპმა კაპიტოლიუმის მოვლენების დროს კონსტიტუცია. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით შტატები მას ვერ აუკრძალავენ პრაიმერიზში მონაწილეობას.

კოლორადოს შტატის შემდეგ, იმავე მიზეზით პრაიმერიზში მონაწილეობა ტრამპს აუკრძალეს ილინიოსსა და მეინშიც. თუმცა უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გავრცელდება ამ შტატების პრაქტიკაზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი