ახალი ამბები

ილინოისში მოსამართლემ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

29 თებერვალი, 2024 •
ილინოისში მოსამართლემ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ილინოისის კუკის ოლქის მოსამართლემ მიიჩნია, რომ დონალდ ტრამპმა კონსტიტუცია დაარღვია და, შესაბამისად, არ აქვს უფლება, პრეზიდენტი გახდეს, იტყობინება „ბი-ბი-სი“.

მოსამართლე ტრეისი პორტერმა კოლორადოს და მენის შტატების ანალოგიური გადაწყვეტილებები მართებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელი, რომ ტრამპი არ უნდა იყოს შტატის პრაიმერისში [შიდაპარტიულ არჩევნებში] კანდიდატად დაშვებული.

კოლორადოს, მენის და უკვე ილინოისის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ტრამპმა დაარღვია აშშ-ის კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორება – აშშ-ის სამოქალაქო ომის [1861-65] წლების შემდეგ მიღებული კანონი, რომელიც უკრძალავს ფედერალური დონის თანამდებობის დაკავებას მათ, ვინც აშშ-ის წინააღმდეგ აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა.

აჯანყებაში, – რომელში მონაწილეობას და რომლის ორგანიზებას ტრამპს ედავებიან, – 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერების შეჭრას გულისხმობენ.

ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ ისევე, როგორც კოლორადოსა და მენის შემთხვევაში. საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაესი სასამართლო მიიღებს.

სასამართლოს აკრძალვა ძალაშიც რომ დარჩეს, სათუოა, ილინოისის არჩევნებში ტრამპის არმონაწილეობამ საერთო სურათზე დიდი გავლენა იქონიოს. რესპუბლიკურ შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილ პრეზიდენტს ისედაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ილინოისი, ბოლო წლებია, დემოკრატ კანდიდატებს უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი