ახალი ამბებისაზოგადოება

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსისტები აპლიკაციის კომპანიებს უჩივიან

4 მარტი, 2024 • 2155
აპლიკაციით დასაქმებული ტაქსისტები აპლიკაციის კომპანიებს უჩივიან

4 მარტს რესპუბლიკის მოედანზე აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსისტებმა და მათთან ერთად პროფკავშირების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი ელიან, რომ სასამართლო შრომით ურთიერთობად აღიარებს „იანდექსსა“  და „ბოლტთან“ მათ ურთიერთობას.

არსებული ე.წ. პლატფორმული დასაქმების პირობებში შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური პირობები სამართლებრივად არ ვრცელდება კომპანიებში აპლიკაციით დასაქმებულ მძღოლებზე. კერძოდ, მათზე არ ვრცელდება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი პირობები, როგორიცაა 8-საათიანი სამუშაო დღე და ამის შემდეგ ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება, ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება თუ სხვა სოციალური გარანტიები.

ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანიებს ტაქსისტებთან მომსახურების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და არა ტრადიციული შრომითი ხელშეკრულებები. ეს გავრცელებული პრაქტიკაა და არაერთი კომპანია იყენებს, არამარტო ტაქსის კომპანიები და არამარტო საქართველოში.

ეკონომიკის იმ სექტორს, რომელსაც ქმნიან დამოუკიდებელი კონტრაქტორები და ე.წ. ფრილანსერები — რომლებიც მათთვის მოსახერხებელ, დროებით სამუშაოებს ასრულებენ და რომელთაც მიეკუთვნებიან ხსენებული ტაქსისტები — „გიგ-ეკონომიკას“ (Gig-economy) უწოდებენ.

დეტალურად გასარკვევად, რას ნიშნავს გიგ-ეკონომიკა და როგორ რეგულირდება ის სხვადასხვა ქვეყანაში, იხილეთ:

  1. რა არის გიგ-ეკონომიკა?
  2. როგორ რეგულირდება „გიგ-ეკონომიკა“ სხვადასხვა ქვეყანაში

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების მოთხოვნები რამდენიმე კატეგორიისაა. გარდა მთავარი მოთხოვნისა, რაც გულისხმობს აპლიკაციის კომპანიებთან თანამშრომლობის შრომით ურთიერთობად აღიარებას, სხვა მოთხოვნები შეეხება მგზავრობის ტარიფებს და აგრეთვე, საკომისიოს დაწევას, რასაც თითოეული შეკვეთიდან კომპანიებს უხდიან და რაზე შეთანხმებასაც კომპანიებთან მოლაპარაკების შედეგად ელიან.

მაგალითად, თუ აქამდე იანდექსის მძღოლები მგზავრის თითოეული შეკვეთიდან საკომისიოს სახით იხდიდნენ 12+3 პროცენტს, ახლა იხდიან 15+5 პროცენტს. თანხა უშუალოდ კომპანიასა და ტაქსოპარკს შორის ნაწილდება.

კიდევ ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ტაქსის მძღოლები ითხოვენ და რაც პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, არასწორი ინტერპრეტაციების საფუძველი გახდა, B კატეგორიის მანქანების ე.წ. ბასლეინებზე წვდომის საკითხია და ამ მოთხოვნის ადრესატი თბილისის მერიაა.

B კატეგორიის მძღოლებს, განსხვავებით A კატეგორიის მანქანებისგან, ბასლეინზე გადასვლის უფლება არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმდებიან 50-დან 100 ლარამდე.

„როცა B კატეგორიის მძღოლები ითხოვენ, რომ ბასლეინებზე შესვლა შეეძლოთ, ეს არ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ისე, რომ ბასლეინებზე სიარული უნდა ამ ხალხს. არა, ამას ისინი არ ითხოვენ. ითხოვენ ბასლეინებზე მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის უფლებას. ჩვენ ამას მგზავრის პოზიციიდანაც ვუყურებთ. მაგალითად, ვდგავარ ბასლეინთან, ვიძახებ ტაქსს. ტაქსი მოდის B კატეგორიის, თუ შემოვა ბასლეინზე და ჩავჯდები, ის დაჯარიმდება. თუ არ შემოვა, მე ჩემი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად უნდა გადავიდე და ჩავჯდე მანქანაში. ჩვენ, პროფკავშირები და ტაქსის მძღოლები, ვითხოვთ, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ბასლეინზე აიყვანო და ჩამოსვა მგზავრი. მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორად აღიქვას ყველამ“, — ეუბნება ნეტგაზეთს გიორგი ტყემალაძე, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა ტაქსის მძღოლების ბასლეინებთან დაკავშირებულ მოთხოვნას.

„რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე რომ, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ცვლილებები, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, — თქვა კალაძემ.

თბილისში ამჟამად A კატეგორიის 35 000 ტაქსია რეგისტრირებული, თუმცა მათგან მხოლოდ 3500 აკმაყოფილებს ე.წ. ბასლეინზე მოძრაობის პირობას – ანუ არის A კატეგორიის ტაქსი და ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს.

4 მარტის აქცია პირველი გამოსვლა არაა ტაქსის მძღოლების მხრიდან. როგორც ნეტგაზეთს გიორგი ტყემალაძე უყვება, ყველაფერი დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო, როცა ტაქსის მძღოლების პრობლემებისა და მოთხოვნების იურიდიულ ჩარჩოში მოქცევა დაიწყეს.

„მოვიძიეთ იურიდიული კომპანია, რომელიც მათ დამსაქმებელ კომპანიებს უწევს მომსახურებას. გავუგზავნეთ ეს მოთხოვნები მათ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. პირველ რიგში, გვინდოდა, რომ საზოგადოებაც საქმის კურსში ჩაგვეყენებინა, ამიტომ დავგეგმეთ 27 თებერვალს აქცია. ძალიან გვიხარია, რომ საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რა აწუხებთ ამ ადამიანებს, და სწორადაც აღიქვა მათი გულისტკივილი“, — გვეუბნება გიორგი ტყემალაძე.

მიმდინარე კვირაში პროფკავშირები და ტაქსის მძღოლები მორიგ შეხვედრასა და მომავალი სამოქმედო გეგმის განსაზღვრას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წერილით ჯერ არ მიუმართავთ, აქვთ მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის მმართველობა კომპანიებთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება.

„ვითხოვთ, რომ სოციალური პარტნიორობის ფარგლებში გაიმართოს მოლაპარაკებები. კომპანიები იქნება, მთავრობა და თუ ვინც იქნება, ერთად დავსხდეთ და ცივილიზებული ფორმით ვისაუბროთ და დავგეგმოთ გზები პრობლემების გადასაწყვეტად. რა თქმა უნდა, ხაზგასმით ვამბობთ, ყველა მხარის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, იქნება ეს კომპანიები, ტაქსის მძღოლები თუ მგზავრები“, — ამბობს ტყემალაძე.

პროფკავშირების შეფასებით, პრეცედენტული და კომპანიებისთვისვე სასარგებლო იქნება, თუ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. მანამდე კი ტაქსის მძღოლები და მათი ინტერესების დამცველები კომპანიებს „უხილავ ძალას“ უწოდებენ, რადგანაც, მიმართვის მიუხედავად, დარწმუნებით იმის თქმაც არ შეუძლიათ, რომ დასაქმებულთა მოთხოვნები ადრესატამდე აღწევს.

„რაიდ-ტექ ჯორჯია არის კომპანია, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევს „იანდექსს“. იურიდიული მისამართი რომ მოვიძიეთ და მივაკითხეთ, ამ მისამართზე სხვა კომპანია დაგვხვდა. გვითხრეს, რომ გადასცემდნენ ჩვენს მოთხოვნებს. რეალურად, პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე საერთოდ ვერ გავდივართ. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ დღეს სასამართლოს მივმართეთ“,  — ამბობს ტყემალაძე.

ტაქსის მძღოლების აქციის საპასუხოდ, რომელიც ბათუმში იმავე მოთხოვნებით გაიმართა, რა მოთხოვნებიც მძღოლებს თბილისში აქვთ, “ბათუმელებს” „ბოლტში“ განუმარტეს, რომ „სერვისის მიმწოდებელი ელექტრონული პლატფორმა Bolt მგზავრებს და მძღოლებს ეხმარება ერთმანეთთან დაკავშირებაში, მძღოლები რეგისტრაციისას ეცნობიან წესებსა და პირობებს, სწორედ ამის საფუძველზე ისინი ოპერირებენ, როგორც პარტნიორი მძღოლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ყველა და ყოველი მძღოლი რეგისტრაციისას ეცნობა ინფორმაციას Bolt-სა და მათ შორის ურთიერთობის რეგულირების შესახებ.

საკომისიოს ცვლილება/გაზრდა Bolt-ის პარტნიორი მძღოლებისთვის ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არ მომხდარა“,- განაცხადეს „ბოლტში“

განახლება (6 მარტი): ნეტგაზეთთან კომენტარი გააკეთეს “იანდექსის” სათავო ოფისში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ მუდმივად კავშირზე ვართ სერვისის პარტნიორებთან და მათ მძღოლებთან. Yandex Go-ს პარტნიორის საკომისიო საშუალებას იძლევა მეტი ინვესტიციის განსახორციელებლად სერვისის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაში საქართველოში. ამჟამად ის შეადგენს 14,16% დღგ-ს ჩათვლით და არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბაზარზე.
აგრეთვე, მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს Yandex Go უბრუნებს პარტნიორებს და მძღოლებს სამოტივაციო პროგრამების სახით. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს შეკვეთის მინიმალური ღირებულების გარანტირება პიკის საათის დროს”, – მოგვწერეს “იანდექსიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი