დენის კულანინი საემიგრაციო ციხიდან წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ შეწყალებას ხელი თავდაპირველად შეცდომით მოაწერა, შემდეგ უარი განაცხადა, თუმცა მისი მოთხოვნა უგულებელყვეს.
„2024 წლის ივლისში მე ხელი მოვაწერე ჩემთვის უცნობ დოკუმენტს და ძალიან ვინანე, როდესაც გავიგე, რომ ეს შეწყალება იყო. მე დავწერე უარი, თუმცა, როგორც ჩანს, ის უგულებელყვეს. ვწუხვარ, რომ მე თავისუფლებაზე ვარ, ხოლო შესანიშნავი ადამიანები ციხეში სხედან. ყოველ შემთხვევაში, ახლა ჩემს რუსეთში გაძევებას ცდილობენ და რაც არ უნდა მოხდეს, მე მესმის, როგორ ყვირიან ადამიანები ჩემს სახელს ციხესთან! მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით თქვენ — ქართული ოჯახი, რომელიც ჩემ გვერდითაა!“, — წერს კულანინი.
დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. თუმცა, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ის არ გათავისუფლებულა და ციხიდან მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან, სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს. რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.
თუმცა კულანინს უფლება ჰქონდა, საქართველოდან არა რუსეთში, არამედ მესამე ქვეყანაში წასვლა აერჩია და სწორედ ასე მოიქცა.
30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დენის კულანინი მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.
