სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, სიცრუეს ავრცელებს სომხეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) და რუსეთთან დაკავშირებით. შესაბამისად, როგორც მირზოიანი ამბობს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ზახაროვას განცხადებების თვალყურის დევნება შეწყვიტა. ინფორმაციას სომხური civilnet ავრცელებს.

ზახაროვას განცხადებით, 2022 წლის სექტემბერში სომხეთის მიმართვის შემდეგ ОДКБ-მ სომხეთში მისია გაგზავნა, ხოლო ნოემბერში ორგანიზაციამ მოამზადა გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის პოლიტიკურ-დიპლომატიურ და სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებდა. მისი თქმით, ფაშინიანმა დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვა.

„ჩვენ რუსეთსა და ОДКБ-ს ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მივმართეთ. ОДКБ-ში საკითხის განხილვა ორჯერ გაიმართა. ჩვენი მიმართვა მეოთხე მუხლს ეხებოდა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიმართვა სწორედ ამ მუხლის საფუძველზე უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მივმართეთ. რეალობა ასეთია: ჩვენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოკავშირეებს სათანადო წესით მივმართეთ, დახმარება ვითხოვეთ და ამასთან, მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, არ ვიყავით დაინტერესებული, რომ ამ ქვეყნისა და მათ [აზერბაიჯანსა და ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს] შორის ურთიერთობები დაგვეზიანებინა, სრულიად სხვა მიდგომებით მივმართეთ მათ, თუმცა ის დახმარება ვერ მივიღეთ, რომლის იმედიც გვქონდა და რომლის მიღების უფლებაც გვქონდა“, – თქვა მირზოიანმა.

მირზოიანმა ასევე განაცხადა, რომ ვერ ხედავს ისეთ პერსპექტივას, რომლის ფარგლებშიც სომხური მხარე ОДКБ-ში მონაწილეობას რაიმე ფორმით გაყინულ მდგომარეობაში შეაჩერებს.

მისი თქმით, რუსეთთან არსებობს ორმხრივი ხელშეკრულებები და ვალდებულებები, რომლებიც რუსეთს სომხეთის მოკავშირედ, მათ შორის თავდაცვის სფეროში, აქცევს. მიუხედავად ამისა, მირზოიანის რწმენით, სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაჯანსაღებასა და გადახედვას საჭიროებს.