მოსკოვის ბასმანის სასამართლომ სანქცია გასცა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის დაპატიმრებაზე, წერს სახელმწიფო მედია „ტასსი“.
მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ მამულაშვილი შიდა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.
რუსეთი მამულაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ უკრაინაში შეიარაღებული ფორმირება ჩამოაყალიბა და მასში სულ მცირე 24 საქართველოს მოქალაქე გააწევრიანა რუსეთთან საბრძოლველად. გამოძიების განცხადებითვე, მამულაშვილი ინტერვიუში „დესტრუქციულ და ძალადობრივ“ მოწოდებებს აკეთებდა, მათ შორის – უკრაინაში შეჭრილი რუსი სამხედროების განადგურებაზე.
მამულაშვილის გარდა, რუსეთში საქმეები აღძრულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს სხვა მოქალაქეების წინააღმდეგაც.