საზოგადოება

ელისაშვილი, ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო და სხვები რუსეთის ძებნილთა სიაში

13 თებერვალი, 2024 • 1866
ელისაშვილი, ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო და სხვები რუსეთის ძებნილთა სიაში

რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული უკრაინის მხარეს მებრძოლ 100 ქართველზე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრ ალეკო ელისაშვილზე, ყოფილ დეპუტატ კობა ხაბაზსა და ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე.

დამოუკიდებელმა გამოცემა „მედიაზონამ“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან გადმოწერა და დაამუშავა რუსეთის ძალოვანი უწყებების მიერ შედგენილი ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზა. სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილთა ბაზაში 96 000 პირი ფიგურირებს, აქედან ათასამდე ქართული გვარით.

აღმოჩნდა, რომ რუსეთს სისხლის სამართლის საქმე აღძრული აქვს ათეულობით პოლიტიკოსსა და თანამდებობის პირზე ევროპიდან, მათ შორის ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე. ძებნილთა სიაში არიან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილებები მიიღეს. შედეგად რუსეთის მიერ იძებნება ლატვიის სეიმის 2/3, რიგის, კლაიპედას, ლუცკის და რივნეს საკრებულოების დეპუტატები და სხვა.

ძებნილი უცხოელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფს უკრაინის მხარეს მებრძოლი სამხედროები განეკუთვნება. საგამოძიებო კომიტეტი უფრო დიდ რაოდენობას ასახელებს, თუმცა „მედიაზონამ“ საძიებო მონაცემთა ბაზაში 36 ქვეყნიდან 396 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც იძებნიან როგორც „დაქირავებული“ მებრძოლები. აქედან ყველაზე დიდ ჯგუფს — 100 კაცი — საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ „მედიაზონის“ ვარაუდით, ისინი „ქართულ ლეგიონთან“ არიან ასოცირებული.

უცხოელების რაოდენობა, რომლებიც იძებნებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის:

  • საქართველო — 100
  • დიდი ბრიტანეთი — 93
  • ბელარუსი — 62
  • ისრაელი — 23
  • აშშ — 21
  • გერმანია — 14
  • ბრაზილია — 10
  • ფინეთი — 6
  • საფრანგეთი — 5
  • სხვა ქვეყნები — 65

„მედიაზონამ“ თავის ვებ-გვერდზე განათავსა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეგიძლიათ მოძებნოთ პირები სახელით და გვარით.

რუსეთის მიერ ძებნილებში არიან:

  1. ალეკო ელისაშვილი — საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც 2022 წლის მარტში წავიდა და რამდენიმე თვე დარჩა უკრაინაში, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში;
  2. ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც უკრაინაში იბრძოდა;
  3. მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი;
  4. დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“;
  5. ადვოკატი ბექა ბასილაია.

ასევე, უკრაინაში მყოფი სხვა ქართველები: ვანო ნადირაძე, რატი ბურდული, კობა ხაბაზი, კუკური ბარამიძე (იგივე „დომენიკ მანგო“).

დავით ქაცარავას თქმით, ძებნილთა სიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რამე განცხადება ან მინიშნება, რომ საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს, თუმცა „ოცნებისგან“ მსგავსი დამოკიდებულების იმედი არ აქვს.

„გილოცავთ ყველას, ვინც ამ სიაში მოხვდით. დიდი დამსახურებაა ის, რომ ძებნილთა სიაში ყველაზე მეტი ქართველი ვართ“, — დაწერა სოციალურ ქსელში დეომენიკ მანგომ.

„ამაყი ვარ, ეს სიძულვილის ქვეყანა, ბოროტების ქვეყანა რომ გაცხადებს ძებნილად და შენი მტერი რომ არის, ძალიან მაგარია. ე.ი. შენ გააკეთე რაღაც ისეთი სიკეთე, რომელმაც ბოროტება გააღიზიანა. მე ძალიან ამაყი ვარ ამის გამო. მიხარია, რომ იქ ქართველების სიაში ვარ, რომელთაც თავისი წვლილი შეჰქონდათ მტერთან ბრძოლაში. არანაირი შიში არ მაქვს, საამაყოა, რომ 29 წლის ასაკში მოახერხებ, აალაპარაკო ამხელა ქვეყანა“, — ამბობს მანგო.

„ოკუპანტი და ცივილიზაციის მტერი ქვეყანა თუ გეძებს, ე.ი. სწორად გიცხოვრია“, — ამბობს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, უკრაინაში თვე-ნახევარი იყო და გული სწყდება, რომ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ 4 დღე მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი