ახალი ამბები

გამოსახლებიდან 1 თვის შემდეგ მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა

27 თებერვალი, 2024 • 3180
გამოსახლებიდან 1 თვის შემდეგ მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა

გამოსახლებიდან 1 თვის შემდეგ მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა და უკან დაბრუნდა. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, კერძო იპოთეკარს 23 თებერვალს გადაუხადა 90 000 დოლარი — თანხა, რომელზეც გამოსახლების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმება ხატიაშვილსა და კერძო იპოთეკარს შორის გამოსახლების მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. 90 000 დოლარის გადახდისთვის 1-თვიანი ვადა განისაზღვრა. მარინა ხატიაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა 70 000 დოლარი, რომლის საფუძველზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ გამოსახლებამდე სთავაზობდა იპოთეკარს. დარჩენილი 20 000 დოლარის შეგროვება მან ერთ თვეში, როგორც ამბობს, “სასწაულებრივი გზით” შეძლო და საბოლოოდ სახლში დაბრუნდა.

“ჩემი მეგობრები, მხატვრები დამიდგნენ გვერდით და სასწრაფოდ აუქციონი გაკეთდა და გაიყიდა ნამუშევრები, იმიტომ, რომ ბიზნესმენებიც მოვიდნენ და უცებ აგროვდა ეს თანხა, სასწაულად […] უამრავი ადამიანი არის ფულით ხელში, რომელიც იხდის თანხას და არ თანხმდებიან მევახშეები. მაინცდამაინც ბინა უნდათ. მაინცდამაინც ქვეყანა უნდა გადატრიალდეს, დაიქცეს, ვიომოთ, ვიჩხუბოთ, დავალეწოთ ერთმანეთს თავ -პირი და მერე დათანხმდეს. ამას გვინდა მივაღწიოთ, რომ აიღონ ფული და თავი დაანებონ ამ ხალხს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მარინა ხატიაშვილმა.


მარინა ხატიაშვილი გამოსახლებას პროტესტი მოჰყვა. მის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს პოლიციას, ასევე, საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი — გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა —სისხლის სამართლის წესით. ხასაიასა და ჩიქობავას პროკურატურა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ისინი 3 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი