ახალი ამბები

როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 9 ნაბიჯი – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა

27 თებერვალი, 2024 • 667
როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 9 ნაბიჯი – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა თავიანთი ხედვა დღეს, 27 თებერვალს, წარადგინეს. მათი განცხადებით, საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყვეს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა წარმოდგენილია მატრიცის სახით და ეყრდნობა ევროკომისიის, ევროკომისიის საბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს.

1. ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევასთან ბრძოლა

  • დეზინფორმაციის გაქარწყლება, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ცდილობს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ პროაქტიული კამპანიის წარმოება;
  • თანამშრომლობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობენ;
  • დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსის შედეგად. შესაბამისად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე მისი აღსრულების პროცესში, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის უზრუნველყოფა. ამასთან, დაუშვებელია, პირველი ნაბიჯის შესრულების საბაბით, იმგვარი საკანონმდებლო რეგულირების შემოღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მავნე უცხოური (რუსეთის) ჩარევისა და ადგილობრივი საინფორმაციო მანიპულაციებისგან დაცვა (დეტალური რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია კოალიციის “ინფორმაცია სანდოობისთვის” მომზადებულ დოკუმენტში “დეზინფორმაციის შესახებ ევროკომისიის პირველი ნაბიჯის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები”).

2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება

  • ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გაცხადებებზე და შემზღუდველ ზომებზე მიერთების პრაქტიკის გადახედვა და ევროკავშირის განცხადებების მხარდაჭერის მაჩვენებლის საგრძნობლად გაუმჯობესება;
  • საერთაშორისო ფორუმებზე ევროკავშირის მიერ გამოხატული პოზიციების გაზიარებისა და მათი მხარდაჭერის გაგრძელება;
  • ევროკავშირთან თანამშრომლობა და ძალისხმევის გაგრძელება რუსეთის, ბელარუსის თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის არდაშვების მიზნით;
  • ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელება; თავის შეკავება ისეთი საგარეო-პოლიტიკური განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება;
  • ევროკავშირის “სისტემურ მეტოქე” ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა (განსაკუთრებით პოლიტიკურ საკითხებში) და ურთიერთობების დონის შემდგომი ამაღლებისგან თავის შეკავება;
  • რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად საქართველოს ტერიტორიის გამოყენების წინააღმდეგ პრევენციული და, საჭიროების შემთხვევაში, ქმედითი ზომების გამოყენების გაგრძელება;
  • რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშემწყობი ზომების მიღებისგან თავის შეკავება;
  • რუსეთის ფედერაციასთან სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განვითარებისგან თავის შეკავება (ფრენები, საზღვაო-საბორნე მიმოსვლა, ახალი დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობა);
  • ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობა.

3. შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე

  • ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე რიტორიკის დასრულება;
  • ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული განცხადებების შეწყვეტა;
  • საკონსტიტუციო ცვლილების დასრულება, მათ შორის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, არჩევნებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე (12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშში ევროკავშირი საქართველოს 2020 წლის 19 აპრილს პარტიებს შორის გაფორმებული “შარლ მიშელის შეთანხმების” შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის შემცირებას მოიცავს);
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის ოპოზიციისთვის დათმობის გზით (12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშში ევროკავშირი საქართველოს 2020 წლის 19 აპრილს პარტიებს შორის გაფორმებული “შარლ მიშელის შეთანხმების” შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც, მათ შორის, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნას მოიცავს);
  • ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კვალიფიციური უმრავლესობით (2/3) არჩევა;
  • პარლამენტში თანამშრომლობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას პროცესში საფუძვლიანი მონაწილეობის საშუალება უნდა მისცეს, ხოლო ოპოზიციამ სამუშაო ჯგუფებსა და საკომიტეტო სამუშაო პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს;
  • „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციისთვის პარლამენტში მის ხელთ არსებული ბერკეტების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობის მიცემა, მათ შორის, ოპოზიციის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პროექტების დროული განხილვით, საგამოძიებო კომისიების შექმნაში ხელის არშეშლით და ა.შ.;
  • პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის ან/და ძალადობის წახალისების გზით პოლარიზაციის გაღრმავების შეწყვეტა და აქამდე ჩადენილი ძალადობის ფაქტების ადეკვატური გამოძიება;
  • „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, მათ შორის, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ არდაყენებით და მასთან თანამშრომლობის განახლებით;
  • „ქართული ოცნების“ მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან კონფრონტაციული განცხადებებისა ან/და ქმედებების შეწყვეტა, მათი საქმიანობისთვის ხელშემშლელი კანონების ინიციირებაზე უარის თქმა და კონსტრუქციული თანამშრომლობის დაწყება, განსაკუთრებით, 9 ნაბიჯის შესრულების კონტექსტში;
  • „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების პოლიტიკური გადაცემების და დებატების ბოიკოტის შეწყვეტა და კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობის განახლება; ანალოგიურად, პროსახელისუფლებო ტელევიზიებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის აღდგენა;
  • მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევის მიზნით, კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმის ჩამოყალიბება ისეთ საპარლამენტო დანიშვნებზე, სადაც მაღალი კვორუმი იქნება საჭირო;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მრავალპარტიული დიალოგისა და კოალიციური მმართველობის პოლიტიკური კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ევროპარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის ჩამოყალიბება “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად.

4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით- 2024 წელს, და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა. აღნიშნული გულისხმობს წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის პროცესების შესაბამისობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ დადგენილ სტანდარტთან;
  • საკონსტიტუციო ცვლილების დასრულება, მათ შორის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის დროულად გადაწყვეტა, პარლამენტში ამომრჩევლის ხმების ადეკვატურად წარმომადგენლობის მიზნით;
  • წინასაარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკვეთრი ზღვრის გავლება. ადმინისტრაციული რესურსისა და სახელმწიფო უწყებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების გამორიცხვა;
  • ამომრჩეველთა დაშინების/მუქარის, მათზე ზეწოლისა და მათი მოსყიდვის პრაქტიკაზე უარის თქმა; ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა და კონტროლის მექანიზმების გამორიცხვა;
  • საარჩევნო დარღვევების დროული და ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის დამნაშავეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა;
  • 2022 წლის ივლისში გენერალურ პროკურატურაში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გაგრძელება, საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება;
  • ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად უსაფრთხო, სანდო და ხელმისაწვდომი პროცედურების დანერგვა; საარჩევნო ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის სათანადო გარანტიების შექმნა, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირება;
  • საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის და აუდიტის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების სათანადო ჩართულობისა და ამ მხარეების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გათვალისწინება, მათ შორის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის განხორციელების დაწყება;
  • ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 2023 წლის 18 დეკემბრის ერთობლივი რეკომენდაციის გათვალისწინება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომისიის წევრების სრული ვადით მაღალი კვორუმით არჩევა, რომელიც დაეფუძნება პარტიათა შორის კონსენსუსს. არჩევის პროცესში რამდენიმე კენჭისყრის უზრუნველყოფა, რომელთა შორის იქნება საკმარისი დრო კონსენსუსის უზრუნველყოფისთვის. კონსენსუსის და მაღალი მხარდაჭერის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ანტიჩიხური მექანიზმის გამოყენება, რაც გულისხმობს დაბალი კვორუმით არჩეული წევრების მხოლოდ 6- თვიანი ვადით არჩევას. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი რეკომენდაციას უწევენ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ნომინირების უფლების პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრეზიდენტისთვის დაბრუნებას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნვეყოფისთვის.

5. საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.

  • პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები; საპარლამენტო უმრავლესობამ პროცედურული საბოტაჟის გზით ხელი არ შეუშალოს ოპოზიციის მცდელობებს, გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისიები;
  • რეკომენდებულია, პროცედურულად გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს საპარლამენტო კონტროლის ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა: მინისტრის საათი, ინტერპელაცია, თემატური მოკვლევა და თემატური მომხსენებელი და უზრუნველყოფილი იყოს ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართულობა როგორც საპარლამენტო, ისე საკომიტეტო მექანიზმების გამოყენებაში.
  • საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკის სრულყოფის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მექანიზმებს დაემატოს „სამთავრობო საათის“ (Question Time) მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს აქტუალურ საკითხებზე/პრობლემებზე არსებულ შეკითხვებზე მთავრობის წევრებისგან პასუხების მოსმენას/დებატებს (სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით).

6. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით

  • სასამართლოს რეფორმირებისთვის ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა;
  • კანდიდატების და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩეული პირების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ექნებათ გადამწყვეტი როლი. აღნიშნული მექანიზმი შეიქმნას რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და  ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გზით;
  • ჩამოყალიბდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემა ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებით;
  • წინა რეფორმების და სისტემაში დღეს არსებული გამოწვევების დეტალური ანალიზი, რომლის მიზანიც იქნება შემდგომი რეფორმების სრულფასოვანი დაგეგმვა;
  • სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და სტრატეგიულ საკითხებს.

7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა.

ანტიკორუფციული ბიურო:

  • ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიების უზრუნველყოფა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, იმგვარად, რომ გადაწყვეტილი იქნეს ევროკომისიის დასკვნაში იდენტიფიცირებული საკვანძო გამოწვევები, მათ შორის:
  • ანტიკორუფციული ბიუროსთვის კორუფციული საქმეების გამოძიების უფლებამოსილების და ამ მანდატის ეფექტურად განსახორციელებლად საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის მინიჭება;
  • ანტიკორუფციულ უფროს თანამდებობაზე არჩევა საქართველოს პარლამენტის მიერ მაღალი უმრავლესობით და ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულების განსაზღვრა მხოლოდ პარლამენტის წინაშე;
  • ანტიკორუფციული ბიუროს მიერ უფლებამოსილების ეფექტიანი განხორციელება, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციასთან მიმართებით. ბიურომ უნდა იმოქმედოს პოლიტიკური შერჩევითობის გარეშე, მათ შორის, ქონების დეკლარაციები უნდა შემოწმდეს ლეგიტიმურ შემოსავალთან მიმართებით და აუხსნელი განსხვავებების შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება;
  • ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და მის აღსასრულებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა;
  • OECD-ის ანტიკორუფციულ ქსელში დაბრუნება და წინა შეფასების რაუნდების რეკომენდაციების სრული იმპლემენტაცია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური:

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიებისა და ეფექტიანობის გაძლიერება, სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის წესის ცვლილება, ასევე მათი არსებული მანდატის დახვეწა და ახალი უფლებამოსილებების მინიჭება ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR რეკომენდაციების შესაბამისად.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიებისა და ეფექტიანობის გაძლიერება, სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის წესის ცვლილება, ასევე მათი არსებული მანდატის დახვეწა და ახალი უფლებამოსილებების მინიჭება ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR რეკომენდაციების შესაბამისად.

8. დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.

  • ოლიგარქიის მავნე გავლენებთან ბრძოლა „სისტემური“ მიდგომის საფუძველზე; დეოლიგარქიზაციის ნაბიჯის შესრულება უნდა მოხდეს სხვა პრიორიტეტების შესრულების გზით, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაშია;
  • ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის განხორციელების სისტემური მიდგომის ძირითადი მოთხოვნების ჯეროვნად იმპლემენტაცია, მათ შორის, მის იმპლემენტაციაში ჩართული საკვანძო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • არსებული სამოქმედო გეგმის დახვეწა ევროკავშირის უკუკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  •  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების დროულად მიღება და ადმინისტრაციული ღონისძიებების დროულად გატარება;
  •  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზომების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიება და შესაბამისი საქმის წარმოება, რათა მოხდეს მავნე გავლენის აღმოფხვრა როგორც პოლიტიკურ, ასევე სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში;
  •  სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის პერიოდული, გამჭვირვალე და ეფექტიანი მონიტორინგის წარმოება.

9. ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება

მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

  • სამოქალაქო საზოგადოებისა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • პირადი ცხოვრების დაცულობის უზრუნველყოფა;
  • თანასწორი უფლებრივი გარემოს უზრუნველყოფა;
  • შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესება.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.


9 ნაბიჯის ეფექტურად შესრულების ხედვის შემუშავებაზე მუშაობენ ის ორგანიზაციები (CSF, GDI, DRI, Sapari, Court Watch, GMC, GRASS, GFSIS), რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას აკვირდებოდნენ – მათი ჩართულობით, გასული წლის მანძილზე, გამოიცა მონიტორინგის ექვსი ანგარიში – სტატუსმეტრი, რომელიც დიდწილად თანხვედრაში იყო ევროკომისიის შეფასებებთან. ამჟამად კოალიციას შემოუერთდა კიდევ ოთხი ორგანიზაცია (GYLA, ISFED, SJC, IDFI), რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და სიღრმისეული ექსპერტიზა შესაბამის სფეროებში.

„ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, არაფორმალური კოალიცია ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად“,  – აცხადებენ ორგანიზაციები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი