ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს. შვილს ან ჩუმად, საიდუმლოდ დაასაფლავებს, ან ალექსეი ნავალნის ცხედარს კოლონიაში დამარხავენ. გამომძიებელმა მოსაფიქრებლად მას სამი საათი მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “მედუზა” ნავალნის თანამოაზრეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მან [ლუდმილა ნავალნაიამ] უარი თქვა გამოძიებასთან მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგან თვლის, რომ მათ არ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, როგორ და სად დაასაფლავებს შვილს. ის მოითხოვს, რომ აღსრულდეს კანონი, რომელიც ავალდებულებს გამომძიებლებს, სიკვდილის მიზეზის დადგენიდან ორი დღის ვადაში გადასცენ შვილის ცხედარი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, რომელთაც დედამ ხელი მოაწერა, ეს ორი დღე ხვალ იწურება. ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ მისცეს შვილის წესისამებრ დაკრძალვის საშუალება”, – ამბობს “მედუზას” ინფორმაციით ნავალნის თანამოაზრე და მისი პრესმდივანი კირა იარმიში.
იარმიშის თქმით, სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი “ბუნებრივი სიკვდილით” გარდაიცვალა.
ნავალნის პარტიის წევრი, “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორი ივან ჟდანოვი ჰყვება, რომ გამომძიებელთა მოთხოვნაა, ოჯახის წევრებმა და თანამოაზრეებმა ნავალნის დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახონ მისი ცხედრის მოსკოვში გადმოსვენების მომენტამდე, მანამდე არ განისაზღვრება არც დაკრძალვის თარიღი. დაკრძალვის დასრულებამდე ნავალნის ოჯახს თან ახლდებიან საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები.
22 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელა თავად ლუდმილა ნავალნაიამაც, სადაც აღნიშნა, რომ გამომძიებლები ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ.
15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.
ნახეთ ასევე:
რუსეთში პოლიციაში დაასმინეს ქალი, რომელმაც ეკლესიაში ნავალნისთვის ლოცვა შეუკვეთა