ახალი ამბები

იმედი მაქვს, მართლა სჭირდებათ რაღაც – მდინარაძე უკრაინელების თხოვნაზე

23 თებერვალი, 2024 • 7684
იმედი მაქვს, მართლა სჭირდებათ რაღაც – მდინარაძე უკრაინელების თხოვნაზე

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ შულგა ამბობს, რომ უკრაინამ საქართველოს საინჟინრო ტექნიკით დახმარება სთხოვა და პასუხს ელოდება. უკრაინის წარმომადგენელს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, უკრაინის თხოვნა “უცნაურად” შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამ თხოვნის უკან სხვა მიზნები არ იმალება.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, უკრაინის საელჩოსთან ერთად, 23 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომიდან 2 წლისთავზე, პანელურ დისკუსია გამართეს. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ალექსანდრ შულგამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს საინჟინრო ტექნიკით დახმარებას სთხოვს.

“ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ძალიან ბევრი წერილი გავაგზავნეთ და ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ზოგი ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი ფინანსურს, ზოგი სამხედრო დახმარებას გვიწევს, იარაღის მოწოდებას ახორციელებს უკრაინისთვის.

2022-23 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები. ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ მათ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში, როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ ამის შესახებ პასუხს”, – განაცხადა შულგამ (“TV პირველის” თარგმანი).

გარდა ამისა, ალექსანდრ შულგამ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა შეაფასა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური თვალსაზრისით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა “დაბალია”. უკრაინა მშვიდად ვერ უყურებს საქართველოში რუსეთის ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას, ტურისტების შემოდინებას, ვაჭრობის გაფართოებას, საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. თუმცა უკრაინა არასდროს ერეოდა საქართველოს შიდა საკითხებში. უკრაინის წარმომადგენლის ამ სიტყვების თარგმანს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

უკრაინის წარმომადგენლის მხრიდან გახმიანებულ თხოვნას მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

“მე იმედი მაქვს, რომ ეს რამე ახალი კამპანიის დასაწყისი არ არის, ნეგატიურის, და მართლა შეიძლება სჭირდებოდეთ რაღაცა. თუმცა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო უდგას, მათ შორის, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები და ეხმარებიან სხვადასხვა ტექნიკით, საქართველოსთვის ტექნიკის მოთხოვნა რაღაც სხვა მიზნების ეჭვს აჩენს, თორემ ისე შეიძლება ყველაფრის განხილვა. მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია”, –  თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი