ახალი ამბები

როგორი იქნება თელავის ახალი აეროპორტი?

23 თებერვალი, 2024 • 4478
როგორი იქნება თელავის ახალი აეროპორტი?

თელავის ახალი აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის შესამუშავებლად გამოცხადებული კონკურსი დასრულებულია. კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორი შპს “ხმალაძე არქიტექტორებია”. აეროპორტების გაერთიანებასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება მზადდება.

პროექტის მიხედვით, ტერმინალის საერთო ფართი შეადგენს 1,770 კვ. მეტრს და სიმაღლე 7 მეტრს. ჩრდილოეთით კი ექნება ღია ხედი კავკასიონზე.

საპროექტო წინადადებების მიღება 2023 წლის 22 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 296 400 ლარით იყო განსაზღვრული.

როგორ გამოიყურება გამარჯვებული პროექტის მიხედვით თელავის მომავალი აეროპორტი, იხილეთ ფოტოებზე:

თელავის აეროპორტის ტერმინალის დიზაინის კონკურსში, გამარჯვებული კომპანიის გარდა, კიდევ 12 კომპანიის პროექტი იღებდა მონაწილეობას: შპს მეტრიკ, შპს ქალაქპროექტი, შპს გეოანალიტიკა, შპს არქიტეკი, შპს Georgianhouse, მეგავატ.ჯი, შპს ვოლ, შპს კარკასი, შპს ნს სტუდიო, შპს აპექს სტუდიო 1, შპს ბაუ დიზაინი და შპს დეფანი.

შეფასების შედეგად მეორე ადგილზე გასული პროექტში ტერმინალის ექსტერიერი ასე გამოიყურება:

შპს “დეფანის” პროექტი

სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის აეროპორტი მეექვსე აეროპორტი იქნება საქართველოში და აქედან ქვეყნის შიდა ფრენები განხორციელდება.


თელავის აეროდრომის ადგილზე რომ ახალი აეროპორტის აშენება იგეგმებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 სექტემბერს გაავრცელა. მისი თქმით, პროექტი 25-30 მილიონი ლარი დაჯდება.

“სრულიად განვაახლებთ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები, თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ ტურისტებს, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ ბათუმის მიმართულებით, მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით“ ,— თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 5 ივნისს ასევე განაცხადა, რომ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე მთავრობა  ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას განიხილავს. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, ქვეყანაში ეს სფერო განავითაროს და ქვეყანა რეგიონში „საავიაციო ჰაბად“ გადააქციოს, რისთვისაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის, ხოლო ვაზიანის ყოფილი აეროდრომი „იდეალური ლოკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი