ახალი ამბები

მთავრობა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას განიხილავს

5 ივნისი, 2023 • 909
მთავრობა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე მთავრობა ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას განიხილავს.

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, ქვეყანაში ეს სფერო განავითაროს და ქვეყანა რეგიონში „საავიაციო ჰაბად“ გადააქციოს, რისთვისაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის:

„დღეს არსებული აეროპორტი, ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, რომ გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ 5 ან 10 წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი და მე ამიტომ, აქედან გამომდინარე, მინდა, რომ შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენოთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ.

ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ გვინდა 20-30-50- წლიანი და თუნდაც 100- წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ამ მიზნისთვის იდეალური ლოკაციაა ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და პროექტის შესასწავლად უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას გეგმავს, რათა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ადგილი შეისწავლონ:

„საუბარია თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს, როგორც მე აღვნიშნე დასაწყისში, ჰაბი, რაც არაერთხელ გვითქვამს. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა კარგო ტერმინალების მშენებლობაზე და ა.შ. მე აღარ გავაგრძელებ, ამის თაობაზე დეტალურად გვექნება ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ საჭირო პროექტი ქვეყნისთვის, თორემ, რა თქმა უნდა, ის არსებული აეროპორტი, რაც გვაქვს, დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა დავიგეგმოთ სწორად, გრძელვადიან პროექტზე გვქონდეს საუბარი, გათვლა, ამიტომ საჭიროა უფრო ახალი, ამბიციური პროექტის განხორციელება.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთა ნაკადის თითქმის 25%-იანი მატება გვაქვს ყოველ წელს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყებთ, როგორც მოგახსენეთ, შესწავლას, ჩამოვიყვანთ როგორც მსოფლიოში წამყვან საავიაციო- საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული თურქული კომპანია “ტავ ჯორჯია”  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. ტავ ჯორჯიასთან მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

ხელშეკრულებაში არსებობს პირობა, რომ ვიდრე “ტავ ჯორჯია” თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს, საქართველოს მთავრობას 150 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება “ტავთან” შეთანხმების გარეშე არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი