ახალი ამბები

„ნავალნი პუტინმა მოკლა… სანამ ვცოცხლობ, არ შემეშინდება ბოროტების“ – ილია იაშინი

20 თებერვალი, 2024 • 755
„ნავალნი პუტინმა მოკლა… სანამ ვცოცხლობ, არ შემეშინდება ბოროტების“ – ილია იაშინი

„ნავალნი პუტინმა მოკლა“, მიიჩნევს რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი, რომელიც ასევე დაპატიმრებულია და მრავალწლიან სასჯელს იხდის. ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით პოსტი იაშინის ტელეგრამ-არხში დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა.

„რთულია ჩემი რყევის გადმოცემა. რთულია, აზრები მოიკრიბო. აუტანელი ტკივილი და საშინელებაა. და მაინც, არ გავჩუმდები და ვიტყვი, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჩემთვის არ დგას კითხვა: რა დაემართა ნავალნის? ეჭვი არ მეპარება, მოკლეს.

ჩემთვის არ დგას კითხვა: ვინ მოკლა? ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინმა. იგი სამხედრო დამნაშავეა. ნავალნი იყო მისი უმთავრესი ოპონენტი რუსეთში და კრემლში ზიზღს იწვევდა. პუტინს ჰქონდა მოტივიც და შესაძლებლობაც. დარწმუნებული ვარ,  ბრძანება მან გასცა [ნავალნის მოკვლის].

მესმის, რომ სახელმწიფო პროპაგანდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას დაიწყებს. იტყვიან, რომ ნავალნის სიკვდილი პრეზიდენტს არ აწყობდა, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ალოგიკურია მისი მოკვლა, რომ პუტინი კონცენტრირებულია გლობალურ პოლიტიკაზე და არ აქვს ვიღაც პატიმარზე ფიქრის დრო… სრული სისულელეა, არ დაიჯეროთ. 2020-ში მოწამვლის შემდეგ, პროპაგანდა იცავდა პუტინს არგუმენტით – “მოკვლა რომ ნდომებოდა, მოკლავდა”. მართალია. უნდოდა და მოკლა. თანაც, მოკლა დემონსტრაციულად. სპეციალურად არჩევნებამდე, რომ არავის შეეპაროს ეჭვი პუტინის ჩართულობაში. ასევე დემონსტრაციულად მოკლა პრიგოჟინი – აქაც რომ არავის შეჰპარვოდა ეჭვი.

პუტინის გაგებაში ძალაუფლება სწორედ ასე მტკიცდება: მკვლელობით, სისასტიკით, საჩვენებელი შურისძიებით. ეს სახელმწიფო მოღვაწის აზროვნება არაა, ესაა ბანდის მეთაურის აზროვნება. მოდით, ვაღიაროთ: პუტინი არის ჩვენს სახელმწიფოსთან შეერთებული მაფიოზური სტრუქტურის მეთაური. მას არ აქვს რამენაირი მორალური ან სამართლებრივი შეზღუდვა. იგი ხალხს შიშში ამყოფებს, ვისაც არ ეშინია – აპატიმრებს და ანადგურებს.

ნავალნისა და პუტინის დაპირისპირებამ ორივეს პიროვნების მასშტაბი აჩვენა. ალექსეი ისტორიაში დარჩება, როგორც განსაკუთრებული სიმამაცის ადამიანი, რომელიც წინ მიდიოდა იმისთვის, რისიც სჯეროდა. მიდიოდა შიშისა და სიკვდილის ზიზღით. მიდიოდა ღიმილით და ამაყად აწეული თავით. და დაიღუპა გმირად.

პუტინი კი დარჩება პატარა ადამიანად, რომელმაც შემთხვევით მიიღო უზარმაზარი ძალაუფლება. პერსონაჟად, რომელიც იმალება ბუნკერში, ჩუმად კლავს და თავისი კომპლექსების მძევლად მილიონობით ადამიანს ამყოფებს. მე მას სიკვდილს არ ვუსურვებ. ვოცნებობ, რომ დანაშაულებისთვის პასუხი არა მარტო ღვთის, არამედ საერო სასამართლოს წინაშეც.

მე ციხეში ვარ, ჩემი სიცოცხლე პუტინის ხელშია და საფრთხეშია, მაგრამ ჩემსას გავაგრძელებ.

2015 წლის თებერვალში, ბორის [ნემცოვის] ცხედართან დგომისას, შევფიცე ჩემს თავს, რომ არ შემეშინდებოდა, არ დავნებდებოდი და არ გავიქცეოდი. ცხრა წლის შემდეგ, ალექსეის გლოვის დროს, მხოლოდ ამ ფიცის გამეორება შემიძლია.

სანამ ჩემი გული ცემს, ვიბრძოლებ ტირანიასთან. სანამ ვცოცხლობ, არ შემეშინდება ბოროტების. სანამ ვსუნთქვავ, ვიქნები ჩემს ხალხთან. ვფიცავ“, – ნათქვამია იაშინის პოსტში.

ილია იაშინ

დაიბადა 1983 წლის 29 ივნისს. დაამთავრა საერთაშორისო დამოუკიდებელი ეკოლოგიურ-პოლიტოლოგიური უნივერსიტეტი. 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში.

მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში – 2004 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] შენობასთან გამოვიდა ბანერით „ძირს პოლიციის თვითმპყრობელობა“. დაკავებული იყო მინსკშიც, ჩერნობილის ავარიისადმი მიძღვნილ მარშზე. 2006 წელს მიიღო მონაწილეობა კრემლთან მდებარე ხიდზე დიდი ბანერის გაშლაში, წარწერით: „ნაძირლებო, ხალხს არჩევნები დაუბრუნეთ“. მომდევნო წელს მონაწილეობდა პუტინის საწინააღმდეგო მარშების ორგანიზებაში.

იმავე პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ბორის ნემცოვთან, რომელიც 2015 წლის თებერვალში კრემლთან მოკლეს. 2011-12 წლებში მონაწილეობდა პუტინის რუსეთის დროის ყველაზე მასშტაბურ აქციებში, რომლებიც სახელმწიფო დუმის არჩევნების გაყალბების გამო დაიწყო. 2012 წელსვე აირჩიეს რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრად.

2017 წელს იაშინი მოსკოვის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეც გახდა. 2019 წელს ცდილობდა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა რუსეთის ცესკომ უარი უთხრა რეგისტრაციაზე. იმავე წელს გამართულ  საპროტესტო აქციებზე არაერთხელ იყო დაკავებული.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ოპოზიციური აქტივობის მზარდი ჩახშობის ფონზე, იაშინმა რუსეთი არ დატოვა და აგრძელებდა საჯარო და კრიტიკული განცხადებების გაკეთებას. 2022 წლის 13 ივლისს მას ბრალი დასდეს „პოლიტიკური ზიზღის მოტივით რუსულ არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ იაშინს ბრალი წარედგინა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ მოწყობილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვაზე განცხადებების გამო.

2022 წლის დეკემბერში მოსკოვის მეშანსკის სასამართლომ იაშინს 8.5 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

„ვხედავ პროკურორ ბელოვის მოკანკალე ხელებს. მახსენდება, როგორ უკანკალებდათ ხელები გკჩპ-ს [1991 წელს შექმნილი კომიტეტი, რომლის წევრებსაც ძველი, საბჭოთა წყობის შენარჩუნება სურდათ] წევრებს. ყველას კარგად ახსოვს, რითი დამთავრდა ეგ 30 წლის წინ“, – განაცხადა იაშინმა სასამართლოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი