ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება პეტიცია პუტინის არალეგიტიმურად აღიარებაზე

20 თებერვალი, 2024 • 676
საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება პეტიცია პუტინის არალეგიტიმურად აღიარებაზე

რუსი ოპოზიციურად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიერ შედგენილი პეტიცია, რომელიც მსოფლიოს ლიდერებსა და ქვეყნებს სთხოვს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ, საქართველოს პარლამენტშიც გაიგზავნება, უთხრეს „ნეტგაზეთს“ პეტიციის ავტორებმა.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ სამართლებრივად, არაერთი მიზეზი არსებობს პუტინის არალეგიტიმურად ცნობისთვის – არჩევნების სრული კონტროლი მისი რეჟიმის მიერ, ოპოზიციის დევნა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. ასევე, პეტიციის ავტორები მოუწოდებენ მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უარი თქვან რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე, ჰუმანიტარული საკითხების გარდა.

„ასეთი ნაბიჯები გახდება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი და ასევე, საშუალებას გააჩენს, იგი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, პასუხისგებაში მიეცეს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

სტატიის გამოქვეყნების მომენტში პეტიციას 100-ზე მეტი საჯარო ფიგურა აწერს ხელს, მათ შორის, ეკონომისტი სერგეი გურიევი, პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი, ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი და სხვები. პუტინის არალეგიტიმურად ცნობის თხოვნით ევროკავშირს დღეს ციხეში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამაც მიმართა.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 17 მარტს ჩატარდება. კანდიდატი მხოლოდ ოთხი იქნება – პუტინის გარდა არჩევნებამდე დაუშვეს მხოლოდ სამი საპარლამენტო, ე.წ. სისტემური, ანუ კონტროლირებადი ოპოზიციის წარმომადგენელი. ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი ვერ (არ) ამბობს, რითი სჯობია მოქმედ პრეზიდენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი