ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ (არ) ამბობს, რით სჯობია პუტინს

25 დეკემბერი, 2023 • 781
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ (არ) ამბობს, რით სჯობია პუტინს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი მედიასთან ინტერვიუში აქებს მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ვერ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად რით სჯობია რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს. კანდიდატად დასახელების შემდეგ მან პირობა დადო, რომ საჯაროდ არ გააკრიტიკებდა თავის კონკურენტს.

„სოტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხარიტონოვს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი 2004-შიც იყო, ჰკითხეს, აქვს თუ არა გამარჯვების იმედი. კითხვას მან ვერ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ნებისმიერი პარტიის კანდიდატს ამოცანად გამარჯვება აქვს და დაამატა, რომ ბრძოლას აპირებს.

ამავე ინტერვიუში ხარიტონოვმა პუტინი შეაქო: „მუშაობს ადამიანი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, მუშაობს. მახოვს, როგორი რუსეთი ჩაიბარა – ძალიან ბევრი გააკეთა, ბევრი გაკეთდა“. ჟურნალისტის კითხვას, კონკრეტულად რით სჯობია იგი პუტინს, ხარიტონოვმა ვერ (არ) უპასუხა.

„ასე ვერ ვილაპარაკებ, რომ მე უკეთესი ვარ. ხალხი წყვეტს ამა თუ იმ პროგრამისთვის ხმის მიცემით“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024-ის მარტში უნდა ჩატარდეს. ის დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს – გამარჯვების რეალური შანსები პუტინის გარდა არავის აქვს. რუსეთის პრეზიდენტისთვის ეს უკვე მეხუთე ვადა იქნება სახელმწიფოს ლიდერის პოსტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი